დიდი ბრიტანეთი სავიზო შეზღუდვებს გააუქმებს მაღალკვალიფიციური იმიგრანტებისათვის

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, BREXIT-ის (ევროკავშირის დატოვების) შემდეგ გააუქმოს სავიზო შეზღუდვები მაღალკვალიფიციური მიგრანტებისთვის იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი. ამის თაობაზე გაზეთი THE TIMES-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ლონდონის ახალი მიდგომა „მხოლოდ და მხოლოდ მიგრანტის კვალიფიკაციას“ ეყრდნობა, მისი წარმოშობის ქვეყნის მიუხედავად.

„საუბარია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალით“, – წერს გამოცემა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით უაითჰოლიდან (ქუჩა ლონდონის ცენტრში, სადაც ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენცია და რამდენიმე წამყვანი სამინისტრო მდებარეობს).

დაბალკვალიფიციურ მუშაკებს, რომელთა დიდი ნაწილი ბრიტანეთში, ტრადიციულად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან ჩადის, წინანდებურად მოკლევადიან ვიზებს მისცემენ, თუმცა ლონდონი კარს უღებს დაბალკვალიფიციურ მუშაკებსაც ევროკავშირის არაწევრი ზოგიერთი სახელმწიფოდან – ისეთებს, რომლებიც არ არიან შემჩნეულნი „მიგრაციული წესების ბოროტად გამოყენებაში“, – ნათქვამია სტატიაში. ასეთ იმიგრანტებსაც მოკლევადიან ვიზებს მისცემენ ერთ წლამდე ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც მათ უნდა დატოვონ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია და მომდევნო 12 თვის განმავლობაში უფლება არ ექნებათ კვლავ გააკეთონ განაცხადი ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მისაღებად.

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, „თაიმსის“ სტატიაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, უფლება მიეცემათ, ნახევარი წლის განმავლობაში დარჩნენ ქვეყანაში და ეს დრო სამუშაოს მოსაძებნად გამოიყენონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამსაქმებელს მოძებნიან, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტის სამუშაო ვიზაზე, სასწავლო ვიზის ამოწურვამდე 3 თვით ადრე.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებმა 25 ნოემბერს დაამტკიცეს დიდ ბრიტანეთთან შეთანხმება Brexit-თან დაკავშირებით და პოლიტიკური დეკლარაცია ლონდონთან მომავალი ურთიერთობების თაობაზე. ეს შეთანხმება ძალაში რომ შევიდეს, ბრიტანელი კანონმდებლების თანხმობა უნდა მიიღოს. Brexit-ი 2019 წლის 29 მარტისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც, გეგმის თანახმად, დაიწყება გარდამავალი პერიოდი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები