ინაუგურაცია დასრულდა – ამონარიდები საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სიტყვიდან

ფოტო: imedinews
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც დღეს თელავში, ერეკლეს სასახლეში 15:00 საათზე დაიწყო, დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. ინაუგურაციის დასრულებასთან ერთად ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც განამტკიცებს პარლამენტის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მიჯნავს უფლებამოსილებებს სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს შორის. კონსტიტუციის ახალი რედაქცია, როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ორმაგ მოქალაქეობას უშვებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ამ მომენტიდან იგი უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას. გთავაზობთ ამონარიდებს სალომე ზურაბიშვილის პირველი გამოსვლიდან პრეზიდენტის რანგში:

„მოგესალმებით, საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულეებო, მეტადრე თქვენ, ვინც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამობრძანდით და ახლა ჩვენთან ერთად ხართ. განსაკუთრებული ემოციით მოგესალმებით თქვენ, პირველი ემიგრაციის შთამომავლებო!

ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.

ამით შეიკრა ერთგვარი წრე: რუსეთის მე-11 არმიის შემოსევისა და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად წასული ემიგრაციის შთამომავალი, დღეს, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, დამოუკიდებლობის დამცველად და უმაღლეს მთავარსარდლად ვბრუნდები“.

„ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის  დამკვიდრება  – ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.

ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში, თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი“.

„მე გადავწყვიტე, დღეს აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც ხმა მომცა არჩევნებში. … პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. … თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო“.

„საქართველოს რეგიონებში არის ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ჩვენ მათ უნდა მივცეთ  მაქსიმალური შესაძლებლობები წინსვლისთვის და გავუხსნათ ახალი პერსპექტივები.

ჩემი, და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის ოცნებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის სოფელს, მიტოვებულ სახლ-კარს. ეს არის საქმე, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, მუდმივი ურთიერთობა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან. ისევე, როგორც დღეს ვარ აქ, თელაველებთან, მე ჩავალ ყველა რეგიონში, ვიქნები ჩემს ხალხთან!“

„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს.

ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება – საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისა  და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში“.

„ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით.
ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას. ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი  მსოფლიოში“.

„კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო!  ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ.

კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს“.

„საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!

ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.

უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატოსთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ კუთხითაც მეტი, ძლიერი მხარდაჭერა გვჭირდება“.

„მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის. მშვიდობიანი და სტაბილური კავკასია სჭირდება არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს.

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში. ჩვენ შეგვიძლია ამ რეგიონში ჩვენი ისტორიული როლის დაბრუნება და ამ პასუხისმგებლობის აღება!

რუსეთმა, როგორც კავკასიის მეზობელმა, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს და ამ რეგიონში ნორმალური ურთიერთობების აღდგენას აპირებს, უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს აუცილებელია მის მეზობლებთან თანასწორი და მშვიდობიანი კავშირების დასამყარებლად“.

„მე ვიქნები ჩვენი დევნილების გვერდით. მე კარგად ვიცი, რაზე დგას მათი ოჯახები – ძალიან დიდ მოთმინებაზე, სიმტკიცეზე და იმედზე! და ეს იმედი გვაერთიანებს!

მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან,  და ისინი უნდა შემოვირიგოთ. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გავლილი გზა გვაერთიანებს, ერთმანეთის ნათესავები ვართ, შერეული ოჯახები გვყავს!უნდა მოვნახოთ ახალ თაობასთან მისასვლელი გზები და მათ გავუკვალოთ გზა ევროპისკენ. დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენასა და იდენტობას დაცვა სჭირდება!“

„ჩვენ გვაქვს ძლიერი ადამიანური რესურსი, გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, მოდის შესანიშნავი, ნიჭიერი თაობა. მთავარია, დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მომავალზე.

მე ჩამოვედი, მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის მჯეროდა და მჯერა! ჩვენ უნდა გვჯეროდეს საქართველოს მომავლის! დამოუკიდებელი, ძლიერი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული, ღირსეული ქვეყანა – ეს არის საქართველოს მომავალი!“

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“

ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე ფიცის დადებისა და სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პირველად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან მივიდა, რომელმაც იგი დალოცა. შემდეგ უკვე მოქმედი პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა – უცხოელ სტუმრებს, ჯარის მეთაურებს, შეკრებილ საზოგადოებას.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე თელავში 1500-მდე სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები