იტალიელი ჟურნალისტი, 28 წლის ანტონიო მეგალიცი (ANTONIO MEGALIZZI) სტრასბურგში 11 დეკემბერს მომხდარი ტერაქტის დროს მიღებული ჭრილობისგან 14 დეკემბერს გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია ევროპული რადიოსადგურების ქსელმა EUROHONICA-მ, რომელშიც დაღუპული ახალგაზრდა კაცი მუშაობდა.
„იძულებულები ვართ დავადასტუროთ, რომ ჩვენმა კოლეგამ, ანტონიო მეგალიციმ დაგვტოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტი სტრასბურგიდან აშუქებდა ევროპარლამენტის სესიის ახალ ამბებს. იგი იმ საღამოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, თავის 2 კოლეგასთან ერთად ქალაქის ცენტრში სეირნობდა და ტერორისტის ტყვია თავში მოხვდა. ანტონიო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იტალიელი ჟურნალისტის გარდაცვალება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაჯანიმაც დაადასტურა.
სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მომწყობი 29 წლის შერიფ შეკატი სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო, როგორც „შესაძლო ტერორისტული საფრთხე“, თუმცა მან მაინც მოახერხა თავისი საქმის გაკეთება.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ საინფორმაციო საიტ Amaq-ზე დაწერა, რომ შერიფ შეკატი მისი ერთ-ერთი „ჯარისკაცი“ იყო და მან შური იძია თავისი ძმებისთვის, რომლებიც სირიასა და ერაყში დახოცეს, თუმცა ტერორისტებს არანაირი საბუთი არ მოუყვანიათ იმის დამადასტურებლად, რომ სტრასბურგის მკვიდრი შეკატი მათთან თანამშრომლობდა.
11 დეკემბერს შეკატმა მოახერხა გაქცევა, თუმცა სამართალდამცველებმა 2 დღის შემდეგ იგი სტრასბურგის ერთ-ერთ უბანში, ნეუდორფში, ორმხრივი სროლისას მოკლეს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები