იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული თბილისური სადარბაზოები
თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩის N 42 ნომერში სადარბაზოს რესტავრაცია დასრულებულია. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ადგილზე მისულ მნახველს გასაოცარი სურათი გადაეშლება: მე-19 საუკუნის უნიკალური მხატვრობა, პეიზაჟები, პორტრეტები… ახალგაზრდა რესტავრატორებმა ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ისტორიულ სადარბაზოს პირვანდელი სახე დაუბრუნეს. ასეთი სადარბაზოები თბილისში უამრავია და ყველა მათგანზე სახელმწიფო ახორციელებს ზედამხედველობას.
თბილისური სადარბაზოების მოხატვაზე, ძირითადად, ევროპელი მხატვრები მუშაობდნენ და ზედმიწევნით იმეორებდნენ დასავლურ გამოცდილებას. XIX საუკუნის თბილისი – ეს ის პერიოდია, როდესაც დედაქალაქი უკვე მოქცეულია საერთო ევროპული განვითარების პროცესში: ევროპიდან შემოსული ახალი წეს-ჩვეულებები, საცხოვრებლის ახლებურად გამართვა, ცხოვრების ნორმების, გემოვნების დამკვიდრება.
არქიტექტურის „გაევროპულებამ“ შესასვლელის/სადარბაზოს ახალი ტიპი გააჩინა, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა და მის ფუნქციას აივანი, შუშაბანდი და ზედ მიდგმული კიბე ასრულებდა. სადარბაზოები თბილისში 1850-60-იანი წლების შემდგომ ახალი ტიპის „ფეშენებელურ“ სახლებთან ერთად ჩნდება.
სადარბაზო სახლის მეპატრონეთა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა და როგორც ქალაქური, ბურჟუაზიული ყოფის სიმბოლო მდიდრულად იყო მორთული, საგანგებოდ გაფორმებული ვესტიბიულით, იატაკზე წარწერით SALVE, პილასტრებით, დეკორატიული ნაძერწობით, მოზაიკით, ცხაურებით, სალონური ხასიათის ნაირფერი მხატვრობით, ვიტრაჟებითაც კი. სწორედ ამ დროს ჩნდება თბილისში იტალიელი მხატვარი ბენო ტელინგატერი. იმ დროის უცხოელმა ოსტატებმა და, მათ შორის, ბენო ტელინგატერმა ინტერიერის გაფორმების ის საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრეს თბილისში, რომელიც ევროპის დიდ ქალაქებში იყო.
ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა. მას მოუხატავს სეილანოვების სახლი გ. ტაბიძის N18-ში და დავით აღმაშენებლის N93-ში მდებარე სახლის სადარბაზო. გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე სახლის (1911 წელს აშენებული) სადარბაზო დღეს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სახლი თამბაქოს მწარმოებლების – ძმები სეილანოვების საკუთრება იყო. სეილანოვების სახლის სადარბაზოს გარდა, ტელინგატერს ეკუთვნის აღმაშენებლის 93 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოს მოხატულობაც. ორივე სადარბაზო მსგავსია საერთო პროგრამით, სიუჟეტური და დეკორატიული მოტივებით – ვესტიბიულში ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებები და კიბის უჯრედში დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმის და ბაროკოს მოტივები შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან. გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
ეს სადარბაზოები დღეს ტურისტების ინტერესს იწვევს და უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები