საზოგადოებაnewsსაქართველო

„უფასო წამლების“ პროგრამას წლის ბოლომდე ახალი მედიკამენტები დაემატება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი წლიდან უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება იგეგმება. მისი თქმით, 60-მდე დასახელების მედიკამენტი უკვე წლის ბოლოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება კონკრეტული ჯგუფებისთვის.

„სექტემბერში უკვე მოხდა გაფართოება, როცა სოციალურად დაუცველების ჩამონათვალს დაემატა პენსიონერები და შშმ პირები. წლის ბოლომდე მოხდება მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება. მოსარგებლეების ჯგუფები, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, თუმცა ძირითადი მიმართულება იქნება დამატებით კიდევ 23-იდან 30-მდე მედიკამენტი, რაც საბოლოო ჯამში გახდება 60 დასახელების უფასო მედიკამენტი“, – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც ცნობილია, უფასო წამლების პროგრამა პერიოდულად ფართოვდება. პირველი ეტაპი გასული წლის ივლისიდან დაიწყო. პროგრამა 600 ათასამდე მოქალაქეს შეეხო და პენსიონერებისთვის უდიდესი შეღავათი იყო. მოქალაქეები, რომლებიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ იღებენ. თავიდან ნუსხაში მოხვდა 30 დასახელების მედიკამენტი, რომელსაც მოქალაქე ერთ ლარად იღებს. პირველ ეტაპზე უფასო წამლების პროგრამა შეეხო პირებს, რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

წელს, მაისში ეს სია კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში მოხვდნენ პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და, დამატებით, სოციალურად დაუცველი პირები. სოციალურად დაუცველი შშმ პირვეი წამლებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, ხოლო პენსიონერები – საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად იძენენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close