პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მეეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება

საქართველოს მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა, კანონმდებლობის შესაბამისად, ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და საარჩევნო უბნები დაიხურა. 
ცესკოს მონაცემებით, ამ წუთისთვის ხმები დათვლილია უბნების 98,54%-ში (3640+11 უბანი, მთლიანობაში 3705 უბნიდან); ამომრჩეველთა ხმების 59.62% პროცენტი (1 142 260 ხმა) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, 40,38% (773 737 ხმა) – გრიგოლ ვაშაძემ .
სქრინშოთი ცესკოს ოფიციალური საიტიდან

ხმების დათვლა გრძელდება, პარალელურად, საზღვარგარეთ არჩევნები ჯერ ყველა ქვეყანაში არ დამთავრებულა, რადგან არასამუშაო დღიდან გამომდინარე, საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ნოემბერს შესაბამისი ქვეყნის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ წუთისთვის, ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის 57 უბნიდან ხმები დათვლილია 13 უბანზე. სალომე ზურაბიშვილმა მიიღო 39,08% (623 ხმა), გრიგოლ ვაშაძემ – 60,92% (971 ხმა).

უკვე საღამოს 8 საათისთვის, როგორც კი საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემა შეწყდა, ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

წინასწარ გამოკითხვებზე, ძირითადად, ორი უცხოური კომპანია მუშაობდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45% (17:00 საათისთვის არსებული მაჩვენებელი).

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით Gallup International-მა ჩაატარა ეგზიტპოლი. შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 58%, გრიგოლ ვაშაძე – 42%. ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10 204 რესპონდენტი. მონაცემები ეყრდნობოდა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს.

დღეს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი კანონით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ნაცვლად 6 წლით. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება პროპორციული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close