პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ხვალ საქართველოს მოქალაქეები მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ – ყველა დეტალი მეორე ტურის შესახებ

ხვალ, 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, მთლიანობაში 3 705 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის, 57 – საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. მოქალაქეებს ხმის მიცემა მთელი საქართველოს მასშტაბით  08:00-იდან 20:00 საათამდე შეეძლებათ. ცესკოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელზეც 28 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურზე მისცეს.

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები უფრო ხანგრძლივი დროით იმუშავებენ და ხმის მიცემის პროცედურა არჩევნების დღის 24:00 საათამდე გაგრძელდება (შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით).

გუშინ არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ავღანეთში მყოფი ქართველი სამშვიდობოებისთვის. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა ამ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 9000-ით არის გაზრდილი. საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის. ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს.

28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენი არიან: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და ხმის მიცემის პროცესს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2300-მდე ჟურნალისტი.

28 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის პრეზიდენტად ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close