პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„ნერვების ომი“ არჩევნების მეორე ტურის წინ

არასამთავრობოების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში თვალსაჩინოა სიტუაციის მკვეთრი პოლარიზება და უკიდურესად ნეგატიური კამპანია.

საქართველო, მათ შორის, ქართული ემიგრაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც საია-ს, ISFED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, პირველ ტურთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა.

არასამთავრობოების შეფასებით, პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მეორე ტურის შემდგომ, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულდებოდა.

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგებში საუბარია ძალადობრივ ინციდენტებზეც, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი.

„მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას ჩამოყალიბდა და გააქტიურდა რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მკვეთრად ნეგატიური და აგრესიულია აღნიშნული ჯგუფების ნაწილის წინასაარჩევნო გზავნილები. ამ პერიოდში კვლავ აქტიური იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ სოციალური ქსელების მეშვეობით წარმოებული კამპანია, რომელიც ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზეც, მათ შორის ახალქალაქსა და ონში მომხდარ ინციდენტებზე. მათივე შეფასებით, ძალადობრივი ინციდენტები, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ფიზიკური დაპირისპირების და ძალადობის ფაქტები თითქმის არ დაფიქსირებულა, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. პირველი ტურის შემდეგ შემაშფოთებელ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ოპოზიციის აქტივისტებს ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები თავს დაესხნენ. ძალადობრივი ინციდენტები, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელდა, ხოლო ერთ შემთხვევაში პირს გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. საგულისხმოა, რომ 21 ნოემბერს გვიან ღამით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ნოდარ ბურდილაძეს ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბურდილაძე ყოფით ნიადაგზე დაჭრეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიცია და აცხადებენ, რომ მის დაჭრას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ფიზიკური დაპირისპირების ყველა ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close