ფონიჭალაში გაზის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა

შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლი დედა-შვილის ძებნა. სამწუხაროდ, ორივე გარდაცვლილი იპოვეს.

დღეს დილით თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მდებარე შენობის მესამე სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებზე მდებარე ბინებიც დაანგრია. თვითმხილველების თქმით, ხმა ერთი კილომეტრის რადიუსში ისმოდა და გზაზე მანქანებიც კი გაჩერდნენ.

აფეთქების შედეგად სამი დაშავებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სტაციონარში შეიყვანეს 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მათ სხეულის სხვადასხვა სახის და ხარისხის დაზიანებები მიიღეს: „44 წლის მამაკაცს სხეულის 65% აქვს დამწვარი, შვილს – 50%, ხოლო 6 წლის ბავშვს -12%. სამივე დაშავებულს დამწვარი აქვს ხელის მტევნები, სახე, გულმკერდი, ქვემო კიდურები და დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

საბედნიეროდ, ამავე ოჯახის წევრი, 4 წლის ბავშვი სრულიად უვნებელია. თურმე პატარა გასასვლელ კართან დაიმალა და გადარჩა.

ტრაგედია დატრიალდა მე-2 სართულზე, სადაც აფეთქებისას მოგლეჯილი ბეტონის ფილა ჩავარდა და დედა-შვილი ქვეშ მოიყოლა. მესამე სართულიდან დაშავებულების გამოყვანის პარალელურად, მაშველები მეორე სართულზეც ცდილობდნენ შესვლას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. მათ კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ. კარგა ხნის ძებნის შემდეგ ისინი გარდაცვლილები იპოვეს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ქალი და ბავშვი სოფო ყაველაშვილი და მისი ცხრა თვის შვილია. „რამდენიმე წელი ელოდა ოჯახი ბავშვს, უბედნიერესები იყვნენ, მაგრამ ეს სიხარული კოშმარად ექცათ“, – წუხილით ამბობენ მეზობლები.

რა მოხდა ზუსტად და რა იყო ტრაგედიის მიზეზი, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები