ლარის გაუფასურებამ 2018 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ფოტო: theweek.info

ლარმა დოლართან მიმართებით 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა, რაც წლის რეკორდული კურსია.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7027 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0176 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი უკვე 3.0848 ლარია, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0145 ლარი შეადგინა.

გასული კვირის ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა. ამის მიუხედავად, სამშაბათიდან ვხედავთ, რომ ლარმა უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო გაუფასურება. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი კვირას გამართული პრეზიდენტის არჩევნები და მისი შედეგებია. ქვეყანა გაურკვეველი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა, გაჩნდა არასტაბილურობის განცდა და არაპროგნოზირებადი მოლოდინები, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ლარის კურსის გავლენებზე ვისაუბროთ. როგორც წესი, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ლარის კურსზე, იყოფა მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ფაქტორებად. მოკლევადიან პერიოდში, ძირითადად, ფსიქოლოგიური ფაქტორები თამაშობს მთავარ როლს – ისეთები, როგორიცაა: განწყობები, მოლოდინები, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები, ჯგუფური ქცევა და ა. შ. ასე რომ, სავსებით მოსალოდნელია, გაუფასურების პროცესი გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტი „ისტორიული რეკორდი“ მოხსნას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება და 10 აგვისტოდან დღემდე ლარი 25 თეთრით არის გაუფასურებული. საქართველოში დღეს ლარის გაუფასურების წლის მაქსიმუმი დაფიქსირდა. პირველად საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ ლარის კურსმა გაუფასურების მაქსიმუმს 2016 წელს მიაღწია და 2,78 შეადგინა.

ნინო ხოშტარია

იხ. ლარის კურსის ცვლილება ბოლო ერთი თვის განმავლობაში (ეროვნული ბანკის მონაცემები):

კომენტარები
Загрузка...