გიგი უგულავა: „უცხოეთის უბნების მიმართ „სიფრთხილე“ გამოიჩინეს და ადამიანები „მოტეხეს“ საარჩევნო პროცესიდან, რადგან მათი იმედი არ ჰქონდათ“

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში, ძირითადად, მშვიდად ჩატარდა, თუმცა ხმაურისა და დაპირისპირებების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. იგივე შეიძლება ითქვას უცხოეთის უბნებზეც. პრეტენზიები უამრავია.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, კვიპროსზე, კერძოდ, ნიქოზიაში დაფიქსირდა ფაქტი, როცა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან მას უთხრეს, რომ სიაში არ არის, თუმცა ამ ადამიანს გავლილი ჰქონდა ონლაინრეგისტრაცია და შეტყობინებაც მიიღო, რომ საარჩევნო სიაში იყო.

უგულავა აღნიშნულზე პასუხისმგებლობას ცესკოს, იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს აკისრებს.
„საზოგადოებამ უკვე იხილა, რომ საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასობრივად არ აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ბევრმა, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, კანონის შესაბამისად გაიარა რეგისტრაცია, დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და, შესაბამისად, უნდა ყოფილიყო სიაში, ამის დადასტურება ავტომატურად მიდის ადამიანთან, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია. უცხოეთის უბნებზე ადამიანები ასობით კილომეტრს გადიან, აქვთ შეტყობინება, რომ ისინი არიან სიაში, თუმცა ადგილზე მისულებს მათ არ აძლევენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ეუბნებიან რომ ისინი სიაში არ არიან. ეს არის იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დეპარამენტის პირველადი დანაშაული. ამ ორი უწყებისგან და ცესკოსგან ვითხოთ პასუხს. ეს არ არის შემთხვევითი, უცხოეთში არსებული უბნების მიმართ ცუდი გაგებით „სიფრთხილე“ გამოიჩინეს და უბრალოდ ადამიანები „მოტეხეს“ საარჩევნო პროცესიდან, რადგან მათი იმედი არ ჰქონდათ“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, „საბერძნეთში ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ „ჯეკპოტი მოხსნა“: ადგა და სადემონსტრაციო ოქმში (ანუ რომელიც უნდა შეივსოს და კედელზეა გამოკრული) გადახაზა დავით ბაქრაძე და გამოაცხადა, რომ ბაქრაძე აღარ იყრის კენჭსო. წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ადგა სადემონსტრაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არაა გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ მაღალია. როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად სიბინძურეზე და პირდაპირ ტყუილზე მიდიან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები
Загрузка...