ადვოკატი პაატა სიმსივე ე. წ. პარავოლოს თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

ჩვენი საიტი უკვე იუწყებოდა, რომ სექტემბრიდან იცვლება საბერძნეთში ბინადრობის მოწმობის აღების/განახლების დროს გადასახდელი მოსაკრებლის (პარავოლო) ღირებულება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი პაატა სიმსივე:

„ბევრ თქვენგანს ეცოდინება, რომ 12 სექტემბრიდან იცვლება მოსაკრებლის (პარავოლო) გადასახადელი თანხა რომელსაც ბინადრობის უფლების ასაღებად ან გასაგრძელებლად იხდიდით. ხსენებული ცვლილებები გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ჩათვალა, რომ მოსაკრებლის არსებული საზღაური იყო არაპროპორციული და არ შეესაბამებოდა არსებულ ევრორეგულაციებს.
შესაბამისად, ზოგ შემთხვევებში მოსაკრებლის საზღაური შემცირდა, ზოგ შემთხვევებში კი გაიზარდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბინადრობის უფლებების იმ კატეგორიებზე, რომლებიც საშუალო ემიგრანტს აინტერესებს, მოსაკრებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენაა.
ახალი სისტემით, მოსაკრებლის საზღაური აღარ არის დამოკიდებული ბინადრობის უფლების ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში წესდება ერთიანი მოსაკრებელი ფიქსირებული ფასით.
მოსაკრებელი შემცირდა და განისაზღვრა 150 ევროთი შემდეგი სახის ბინადრობის უფლებებზე:
1. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
2. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების საფუძველზე (άδεια επί μακρόν διαμένοντος);
3. ბინადრობის ნებართვა კვლევის მიზნით (ερευνητές);
4. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა განათლების მიზნით (σπουδές);
5. ბინადრობის ნებერთვა დამსაქმებელთან მომუშავე პირებისთვის (άδεια διαμονής για εξαρτημένη εργασία) [ამ კატეგორიაშია ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი];
6. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საინვესტიციო საქმიანობის აღმასრულებელ პირებზე (στελέχη επενδυτικής δραστηριότητας);
7. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა განსაკუთრებული მიზნით (ειδικού σκοπού);
8. ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე (δημόσιο συμφέρον).

მოსაკრებელი იზრდება შემდეგი კატეგორიების ბინადრობის უფლებებზე:
1. ბინადრობის ნებართვა საინვესტიციო საქმიანობის საფუძველზე (500 ევროდს ნაცვლად გახდა 2000 ევრო);
2. ბინადრობის ნებართვა ფინანსურად უზრუნველყოფილი პირებისათვის განისაზღვრა 1000 ევროთი;
3. ინვესტორის მუდმივი ბინადრობის ნებართვა 500 ევროს ნაცვლად გახდა 2000 ევრო.
ასევე ცვლილებებია იმ მხრივაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ თავისუფლდებით მოსაკრებლის გადასახადიდან, ზოგიერთ შემთხვევაში წესდება ახალი მოსაკრებლები და ასევე რიგ შემთხვევებში გაზრდილია ჯარიმები. თუმცა ამ საკითხებზე ახლო მომავალში ცალკე პოსტში დავწერ”.

კომენტარები
Загрузка...