თურქეთის ქალაქ რიზეში მდებარე საფეხბურთო სტადიონი ქართული სახელითა და ჩაის „არომატით“

მოგეხსენებათ, თურქეთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია. ამ ტენდენციას ისტორიული ლაზეთის მკვიდრნიც არ ჩამორჩებიან. თურქეთის მთავარ საფეხბურთო ლიგაში მათი ტრადიციული წარმომადგენელი ქალაქ ტრაბზონის გუნდი „ტრაბზონსპორია“, თუმცა ბოლო დროს ფეხბურთი რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქ რიზეშიც ვითარდება. „რიზესპორი“ სუპერლიგაში დამკვიდრდა და ახალი წარმატებებისთვის ემზადება.

„რიზესპორის“ წინსვლა მდიდარი სპონსორის გამოჩენას უკავშირდება. თურქეთის უდიდესი ჩაის მწარმოებელი კომპანია „ჩაიკური“ გუნდს გულუხვად აფინანსებს და 2009 წელს ქალაქში ახალი სტადიონიც ააგო. 2017 წელს კომპანიამ კლუბისგან სტადიონის სახელის დარქმევის უფლება იყიდა და არენას „ჩაიკურ დიდი“ ეწოდა. პატარა, მაგრამ ლამაზი საფეხბურთო არენის სახელწოდებაში ქართული სიტყვა „დიდი“-ს გამოჩენა საინტერესო ისტორიას უკავშირდება. მოგეხსენებათ, თურქეთში ჩაის წარმოება სწორედ ისტორიული ლაზეთის რეგიონშია განვითარებული. რიზე ამ ინდუსტრიის ცენტრს წარმოადგენს. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის მესვეურებმა სწორედ „რიზესპორის“ სპონსორობა გადაწყვიტეს. „ჩაიკური“ სხვადასხვა სახეობის ჩაისთან ერთად გამაგრილებელ სასმელსაც აწარმოებს, რომელსაც „დიდი“ ეწოდება. ამ სახელწოდების ლაზურ-ქართული წარმოშობა თავიდანვე ცხადი იყო, თუმცა კომპანიას არ განუმარტავს, რატომ შეარჩია ეს სახელი.


ცივი ჩაი „დიდი“ თურქეთში ძალიან პოპულარულია და კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად იქცა. სწორედ ამიტომაც სტადიონსაც „დიდი“ ეწოდა.
აქვე გთავაზობთ „დიდის“ ერთ-ერთი მხიარული რეკლამის ვიდეოჩანაწერს:

კომენტარები