ჯანმრთელობა

ეს პროდუქტები აუცილებლად ჩართეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში

ბუნება სასარგებლო პროდუქტების უშრეტი წყაროა. ამჯერად რამდენიმე „სუპერსასარგებლო“ პროდუქტს გაგაცნობთ, რომელთა საუცხოო თვისებები ბოლო კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ყურძენი

ყურძენი საუკეთესო ხილია – თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მისგან მართლა ღვთაებრივ სასმელს ამზადებენ (და ეს პირველობა საქართველოს ეკუთვნის, საქართველოა ღვინის სამშობლო – ამაზე უკვე აღარავინ დავობს), ის ნამდვილად არის სილამაზის და ახალგაზრდობის წყარო.

ყურძენი ებრძვის ნაოჭებს: ყურძნის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. გამოიყენეთ ის ღამის ნელსაცხებლის მაგივრად და თქვენი კანი უფრო გლუვი და ახალგაზრდა გახდება.

ყურძნის საშუალებით შეგიძლიათ ფრჩხილების სტრუქტურა გაიუმჯობესოთ, უფრო პრიალა და მაგარი გახადოთ, თითის ბალიშებზე კი კანს სინორჩე და სირბილე დაუბრუნოთ. ამისთვის თავადვე დაამზადეთ ნარევი: ერთმანეთს შეურიეთ შავი ყურძნის ათი მარცვალი და ორი სუფრის კოვზი შაქარი და ბლენდერში კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა თითებზე წაისვით და მასაჟი გაიკეთეთ ერთი წუთის განმავლობაში.

ყურძენი გახდომაშიც დაგეხმარებათ – მაგარკანიანი ყურძენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ასე რომ, თუ სამხარზე ერთი მტევან ყურძენს დასჯერდებით, თანდათან დაიკლებთ წონაში, მაგრამ თუ გახდომა გინდათ, არავითარ შემთხვევაში არ დაუმატოთ ყურძენი ძირითად რაციონს, რადგან მასში ბევრი შაქარია.

გაგიკვირდებათ და – ყურძენი კბილებს ათეთრებს: ამ ხილში შემავალი მჟავები კბილებს ლაქებს და ნადებს აშორებენ.

პომიდორი

100 გრამი პომიდორი მხოლოდ 20 კილოკალორიას შეიცავს, თანაც კარგად ანაყრებს – პომიდორში შემავალი პიგმენტი ლიკოპინი ხელს უწყობს ეგრეთ წოდებული სიმაძღრის ჰორმონის გამოყოფას და შიმშილის გრძნობას კლავს. ლიკოპინი, აგრეთვე, საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ზოგიერთი სახეობის კიბოსა და დიაბეტის რისკს.

აღსანიშნავია, რომ პომიდორი ცოცხლადაც სასარგებლოა და თერმულად დამუშავებულიც და დამარინადებულიც. მაგ., მკვახე პომიდვრის მწნილი სრულად ინარჩუნებს სასარგებლო ვიტამინებს და მიკროელემენტებს. ტომატის წვენის ხშირი მოხმარება ვარიკოზის, კოლიტის და თრომბოზის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ ლიკოპინს ორგანიზმი უკეთ ითვისებს პომიდვრის თერმულად დამუშავების შემდეგ. ტომატში არის ნივთიერება, რომელსაც ძალუძს გადაგვარებული უჯრედების განადგურება – ეს არის ონკოპროტექტორი ალფა-ტომატინი. ის ლიკოპინთან ერთად ებრძვის სიმსივნეს, ყველაზე ეფექტიანად კი – ფილტვის და პროსტატის კიბოს. კვების რაციონში პომიდვრის მუდმივად არსებობა საგრძნობლად ამცირებს ქალებში ძუძუს კიბოს, ხოლო მამაკაცებში პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, გემრიელია, ზედმეტ კილოგრამებს გაშორებთ – მეტი რა არის საჭირო, რომ ეს ბოსტნეული თქვენს რაციონში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყოს?!

შოკოლადი

მუქი სახეობის შოკოლადი სავსეა ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც კანისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას აუმჯობესებენ. ზოგიერთი მონაცემით, შოკოლადი დაახლოებით 70 პროცენტით ამცირებს ინფარქტის რისკს, ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოქმნას, ზოგ შემთხვევაში კი მუცლის მოშლის საფრთხესაც არიდებს ფეხმძიმე ქალებს.

მეორე მხრივ, შოკოლადის მოჭარბებული სიყვარული არც თუ სასიამოვნო „კვალს ტოვებს“ ჩვენს ფიგურასა და კბილებზე და კანზე ფერიმჭამელებისა და გამონაყრის მიზეზიც შეიძლება გახდეს. თუმცა კვლევებით ასევე დადასტურებულია, რომ შავი შოკოლადის ყოველდღიური მიღება ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს და, საერთოდ, კანის დაბერების პროცესს ანელებს, აგრეთვე, ამცირებს კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკს. ამ თვისებებს შოკოლადი უნდა უმადლოდეს ნივთიერებებს, რომლებსაც კაკაოს მარცვლები შეიცავს, ამიტომაცაა შავი შოკოლადი განსაკუთრებით სასარგებლო.

იმის გათვალისწინებაც აუცილებლად გმართებთ, რომ საუბარია ნამდვილ შოკოლადზე და არა მის ფალსიფიცირებულ, იაფფასიან ვერსიებზე, რომლებიც კაცმა არ იცის, რას დამართებს ადამიანს.

ისპანახი

ისპანახს საქართველოში, ძირითადად, მარხვის დროს იყენებენ, ან როდესაც სტუმრებს ეპატიჟებიან, თუმცა ევროპაში, მაგალითად, მას ყოველდღიურად მოიხმარენ, რადგან ეს ბალახეული მცენარე ძალიან სასარგებლოა, თანაც გემრიელი. ისპანახი მდიდარია რკინითა და კალციუმით, იოდით, A და E ვიტამინებით, მასში არსებული ფოლის მჟავა კი ხელს უშლის ანემიის განვითარებას; ეს მცენარე ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ზრდას და გამკვრივებას – ნივთიერებები, რომლებსაც ის შეიცავს, 20 პროცენტით აძლიერებენ ორგანიზმის მიერ მიღებული ცილების კუნთოვან მასად გარდაქმნას. ამასთან, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ისპანახი ანელებს ცხიმების შეწოვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნით ტოვებს სიმაძღრის შეგრძნებას. ისპანახი კუჭის შეკრულობის პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ – ამ პროდუქტს აქვს შესანიშნავი უნარი, ორგანიზმიდან გამოდევნოს წიდები და ტოქსინები. 100 გრამი ისპანახის ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 21 კილოკალორიაა.  ამიტომაცაა ის სასარგებლო პროდუქტების რეიტინგის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ისპანახს ორგანიზმი ყველაზე უკეთ ხორცთან ერთად ითვისებს.

ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებთ ამ პროდუქტების უკუჩვენებებზე, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, ნებისმიერი პროდუქტის კვების რაციონში ჩართვის წინ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close