ინტერვიუ

პაატა გუჯეჯიანი – ქართველი ახალგაზრდა, რომელსაც დიპლომის აღება თავად დონალდ ტრამპმა მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული, 24 წლის პაატა გუჯეჯიანი მთელმა საქართველომ გაიცნო – მას ხომ ამ სასწავლებლის წარმატებით დამთავრება თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულოცა აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვების პომპეზურ საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისის სტადიონზე გაიმართა (ამ ქალაქში მდებარეობს სამხედრო-საზღვაო აკადემიაც). ცერემონიაზე დასასწრებად მერილენდში საქართველოდან პაატას რჩეული, ელენეც ჩავიდა. პაატა გუჯეჯიანი ჩვენს კორესპონდენტს უყვება, როგორი იყო მისი ამერიკული ისტორია და როგორ მიაღწია წარმატებას.

პაატა, როგორც ვიცი, 4 წელი ცხოვრობდი ამერიკაში და სამხედრო აკადემიაში სწავლობდი, არ გაგიჭირდა?

დიახ, ოთხი წელი გავატარე ამერიკაში, ქალაქ ანაპოლისში. საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: მენატრებოდა სამშობლო, ოჯახი, მეგობრები, მაგრამ ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა თავისუფალი დრო (რომელიც ძალიან ცოტა მქონდა) და მესაუბრა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემს საყვარელ ადამიანებთან.

ამ პრესტიჟულ აკადემიაში მოხვედრა, როგორც ცნობილია, ადვილი არ არის და კარგია, რომ ამერიკული მხარე საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, ისწავლონ აშშ-ის სამხედრო სასწავლებლებში (გაისად კიდევ ორი ქართველი კურსანტი ამთავრებს ამერიკის საზღვაო აკადემიას). როგორც ვიცი, მოკრივეც ხარ და სასწავლებლის წარმატებით დამთავრების გარდა აკადემიის ჩემპიონიც გახდი კრივში 60 კგ წონით კატეგორიაში…

ბევრი შრომა დამჭირდა, რომ წარმატებით დამესრულებინა აკადემია, მაგრამ უშრომლად არაფერი გამოდის ცხოვრებაში. და ჩემი შრომა ნამდვილად ღირდა იმ წუთებად, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა პირადად მომილოცა აკადემიის წარმატებით დამთავრება.

კრივში საზღვაო აკადემიის ჩემპიონობამდეც რთული და გრძელი გზა გამოვიარე, ყოველდღე ჩემი შესაძლებლობების ზღვარს ვცდებოდი ვარჯიშით, რომ იმ შედეგისთვის მიმეღწია, რაც მინდოდა. უძლიერესი მოწინააღმდეგე შემხვდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რადგან მართლაც რომ ძლიერი მებრძოლია. დღეს მე და ჯედი (Jed Salonga) მეგობრები ვართ.

ამერიკული სამხედრო სწავლება საქართველოსგან განსხვავდება?
არა, დიდად არ განსხვავდება, რადგან ჩვენც ვცდილობთ ნატოს სტანდარტებზე ავაგოთ ჩვენი შეირაღებული ძალების სტრუქტურა. ამერიკელების პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ჩემთვის გასაოცარი იყო. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შემეძლო.

ცერემონიას საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და თავდაცვის ატაშე ზეზვა ლიპარტელიანი ესწრებოდნენ

რომელი სკოლა დაამთავრე?
თბილისის გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია.

გაგვაცანი შენი ოჯახი, თუ შეიძლება…
დედაჩემი – ნათია ფალიანი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის თანამედროვე განათლების აკადემიაში, მამა – თამაზ გუჯეჯიანი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში დირექტორის მოადგილეა სამეურნეო დარგში; ასევე მყავს უმცროსი ძმა, რომელიც მეთორმეტე კლასში გადავიდა და მასაც უნდა ამერიკაში სწავლის გაგრძელება.

სამხედრო-საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიას შენი რჩეულიც ესწრებოდა. სად გაიცანი ელენე?
ჩემი ცხოვრების სიყვარული, ელენე ტარუაშვილი 2009 წელს გავიცანი თბილისის გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში. ვმეგობრობდით და ეს მეგობრობა 2016 წელს უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდა. დღეს უზომოდ ვარ შეყვარებული ამ ულამაზეს გოგოზე, რომელმაც ბოლო ორი წელი ყველანაირად შემიწყო ხელი და დამეხმარა იმაში, რომ წარმატებით დამესრულებინა სწავლა და დავბრუნებულიყავი სამშობლოში მასთან.

როდის მიხვდი, რომ ელენე შენთვის მეგობარზე ძვირფასი იყო?
თავიდან, რომ ვთქვა, დიდად მოგვეწონა ერთმანეთი-მეთქი, მოგატყუებ… მერე ძალიან  დავმეგობრდით. სიყვარული ურთიერთობამ და ერთმანეთის პატივისცემამ მოიტანა. ელენე საოცრად ერთგული, შრომისმოყვარე და მიზანდასახულია. სამედიცინო სფერო აქვს არჩეული; ძლიერია, იცის, რა უნდა ცხოვრებაში. ბევრი ფიქრის მერე, როგორც იქნა, მივხვდი, რომ ეს გოგო მეგობარზე მეტი უნდა ყოფილიყო ჩემთვის.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად მინდა კარგად დავისვენო, ეს ზაფხული მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ შემოვიარო საქართველო და დავტკბე ჩემი მონატრებული სამშობლოთი, იმიტომ რომ ბოლო 4 წელი წვრთნები მქონდა და საქართველოში ცოტა ხნით ჩამოვდიოდი ხოლმე. სექტემბრიდან კი შევუდგები ჩემი მხედრული ვალის მოხდას სამშობლოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

სამომავლო გეგმები ამ ეტაპზე არის მსახურება საქართველოს შეირაღებულ ძალებში და პარალელურად მაგისტრატურაზე სწავლა.

რას ურჩევდი შენს თანატოლებს, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე?
ჩემს თანატოლებს და განსაკუთრებით მომავალ თაობას ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, რადგან მიუღწეველი არაფერია. შრომა აუცილებლად ფასდება, ამიტომ დაისახეთ მიზნები და იშრომეთ თავდაუზოგავად.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

ფოტო: სქრინშოთები „ამერიკის ხმის“ ვიდეორეპორტაჟიდან

ნახეთ „ამერიკის ხმის“ ვიდეორეპორტაჟი აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონიიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close