ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც პოპულარულ ბრიტანულ ტაბლოიდზე წერს?

21 წლის რეზო მამსიკაშვილი უკვე სამ წელზე მეტია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრიტანულ ტაბლოიდზე, WIWIBLOGGS.COM-ზე წერს – ამ ინტერნეტ პორტალის ერთადერთი ავტორია საქართველოდან. აღნიშნული გამოცემა პოპულარულ მუსიკალურ კონკურსს – ევროვიზიის სიმღერის ფესტივალს აშუქებს, აგრეთვე, მკითხველს აცნობს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიას. ამ გამოცემაში რეზოს უამრავი სტატია და ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ (http://wiwibloggs.com/author/rezomamsikashvili/).

რეზო, როგორც ვიცი, უკვე 3 წელზე მეტია, რაც ბრიტანულ ტაბლოიდთან – wiwibloggs.com-თან თანამშრომლობ და წერ სტატიებს, ინტერვიუებს, ინფორმაციებს ამ პორტალისთვის. როგორ დაიწყო ეს თანამშრომლობა?

თანამშრომლობის ინიციატორი თავად მე ვიყავი. როგორც ხდება ხოლმე: დავუკავშირდი ელექტრონულ მისამართზე, მთხოვეს გამეკეთებინა ერთი ინტერვიუ და ერთ-ერთი ახალი მუსიკალური ვიდეორგოლის დახასიათება. მოეწონათ ჩემი ინტერვიუ და სტატია და შემდეგ უკვე დავიწყე მათთან სისტემატური თანამშრომლობა.

რაზე წერ, ძირითადად, და ვინ ირჩევს თემებს – შენ თუ საიტიდან იღებ დავალებას?    

ჩემზეა დამოკიდებული, რას ავირჩევ, მთავარია, თემა თავად გამოცემის სპეციფიკას და უამრავი მომხმარებლის ინტერესის სფეროს შეესაბამებოდეს. ჩემი მიზანია საინტერესო და ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება როგორც სტატიის, ისე ინტერვიუს სახით.

რეზო ინტერვიუს წერს გერმანელ მომღერალ ლევინასთან

ქართველ მომღერლებზე ან რომელიმე ქართულ მუსიკალურ მოვლენაზე თუ გაქვს გამოქვეყნებული სტატიები ან ინტერვიუები?

დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი მომღერალი გამიცვნია უცხოელი აუდიტორიისთვის ინტერვიუს სახით და ასევე უკვე მათთვის კარგად ნაცნობი ქართველის მომღერლების მორიგი ახალი ნამუშევრები წარმიდგენია.

ეს საქმიანობა და შენი დღევანდელი პროფესიული არჩევანი (როგორც ვიცი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე) რა კავშირშია ერთმანეთთან? რატომ არ ჩააბარე, ვთქვათ, ჟურნალისტიკაზე?

მინდოდა ბევრ სფეროსთან მქონოდა შეხება…

ტაბლოიდის სხვა ავტორებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

დიახ, რა თქმა უნდა. გამოცემაზე ათეულობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი მუშაობს, ძირითადად, სოციალური ქსელით გვაქვს ურთიერთობა, თუმცა უშუალოდაც ვხვდები ხოლმე: იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ მე ვარ ქართველი wiwibloggs.com-ის ავტორებს შორის, როდესაც საქართველოში ჩამოდიან, მათი მასპინძლის როლს ვითავსებ.

რას აპირებ მომავალში, ზოგადად?

განათლების მიღება და პროფესიონალიზმის ამაღლება არის ჩემი მიზანი. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდანვე ვმუშაობ, უკვე მაქვს გარკვეული გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ მინდა სწავლა გავაგრძელო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს…

წარმატებებს გისურვებ!

ესაუბრა კირა კარიაული

შეგიძლიათ ნახოთ რეზო მამსიკაშვილის ვიდეოინტერვიუები ევროივიზიის 2017 წლის საბავშვო ფესტივალიდან:

კომენტარები
Загрузка...