დღის თემასაბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ადვოკატ პაატა სიმსივეს განმარტებები საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი, ბატონი პაატა სიმსივე სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიშის მეშვეობით სტატუსს ავრცელებს, რომელიც საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულ ცვლილებებს შეეხება. ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ამ სტატუსს ავტორის ნებართვით უცვლელად გთავაზობთ:

„დაახლოებით ერთი თვის წინ (15.05.2018), საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი Т. 4540/2018, რომლის მიხედვითაც, სხვა ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სხვადასხვა კატეგორიის ბინადრობის უფლების აღებასთან დაკავშირებით. კანონი გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში (ბერძ. ΦΕΚ, «Φύλλα Εφημερίδας της Κυβερνήσεως») 22 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე რიცხვიდან (გარდა ამავე კანონში მოცემული გამონაკლისებისა) ის უკვე არის ძალაში (იხ. კანონი ΦΕΚ Α΄ 91/22.05.2018, http://www.et.gr/index.php/anazitisi-fek -ზე).
კანონს აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. დავიწყოთ პირველით.

უარყოფითი:

1. ახალი კანონის მიხედვით გაუქმდა Ν. 4251/2014 კანონის მე-19 მუხლით (ბინადრობის უფლება „გამონაკლისი შემთხვევების საფუძველზე“, ბერძ. «άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους») გათვალისწინებული ბინადრობის უფლების აღების შესაძლებლობა იმ კატეგორიის ადამიანებისთვი, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იყვნენ ვიზით შემოსულები. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Т. 4540/2018 კანონის მე-40 მუხლის მიხედვით, ეს შესაძლებლობა არ უქმდება მყისიერად, არამედ ის უქმდება მხოლოდ კანონის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ, ანუ 22.05.2018-იდან სამი თვის შემდეგ. ვისაც ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ საბუთების შეტანა აუცილებლად შეიტანეთ.

როგორც იცით, ათენში საბუთების ჩაბარების თარიღის დანიშვნა – რანდევუ ძალიან აგვიანებს. მაგალითისთვის, დღეს რომ მიხვიდეთ რანდევუს დასანიშნად, დაგიბარებენ დაახლოებით 1 წლის შემდეგ. ამ დროს კი თქვენ ეს უფლება (თუ მანამდე რამე არ შეიცვალა) აღარ გექნებათ. ანუ, თუ უკვე არა გაქვთ დანიშნული რანდევუ ზემოხსენებულ დროის მონაკვეთში, ათენში ვეღარ მოასწრებთ საბუთების ჩაბარებას.

კითხვაზე, თუ რა ხდება ისეთ შემთხვევაში, თუ ვინმეს დანიშნული აქვს „3-წლიანზე“ რანდევუ მაგ. სექტემბერში, ოქტომბერში, გაისად და ა. შ. – ანუ იმ დროს, როცა უკვე „სამწლიანები“ კანონით გაუქმებული იქნება, პასუხი არის შემდეგი: წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში უფლების გამოყენების მოთხოვნა მოქალაქის მიერ ხდება განცხადების შეტანით. განცხადება, რომელიც შეგაქვთ, რეგისტრირდება და მოგენიჭებათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების ჩაბარებას. რანდევუს დანიშვნა, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს განცხადების შეტანას.
რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებს შეეძლოთ პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე და მიეცათ მათთვის საშუალება, მათი რანდევუები გადმოსულიყო კანონის მოქმედების პერიოდში. ჩემი ინფორმაციით, დღემდე მათ ეს არ მოუმოქმედებიათ, თუმცა კარგი იქნება, თუ ასეთი კატეგორიის ადამიანები გადაამოწმებთ თქვენს ადვოკატებთან და/ან შესაბამის უწყებებთან, რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „3 წლიანებს“ უკავშირდება, არის ასეთი განცხადების ათენს გარეთ ჩაბარების შესაძლებლობა. განსხვავებით ათენისგან, სადაც, როგორც უკვე აღინიშნა, რანდევუ ძალიან აგვიანებს, ათენს გარეთ ამ მხრივ ხშირად სიტუაცია ბევრად უკეთესია, რადგან რანდევუები ბევრად უფრო ახლო პერიოდში ინიშნება და, შესაბამისად, უფრო მეტი შანსია, რომ იქ მოასწროთ განცხადების შეტანა. ეს შესაძლებლობა სამართლებრივად არსებობს, თუმცა ხშირად შესაბამისი უწყებები უარს ამბობენ ისეთი მოქალაქეების განცხადებების მიღებაზე, რომლებსაც მაგ., აქვთ გზავნილები მთელი სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ათენში და აპირებენ „3-წლიანზე” განცხადება შეიტანონ სხვა ქალაქში. ხშირად მიზეზად სახელდება ის, რომ ისინი სინამდვილეში იქ არ ცხოვრობენ და მათგან დამატებით კიდე სხვა დოკუმენტებს ითხოვენ. თუმცა ეს უარი არ შეიძლება იყოს გამართლებული, რადგან კანონში საუბარია 3 წლის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრებაზე და არა მუდმივად ერთ ქალაქში ცხოვრების ვალდებულებაზე, რასაც სახელმწიფო უწყებების ასეთი პრაქტიკა ირიბად გულისხმობს.

ასევე, გარდა ასეთი შემთხვევისა, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ადამიანს ბოლო სამი წლის განმავლობაში არა ერთ, არამედ 5-6 ან მეტ სხვადასხვა ქალაქში ეცხოვროს. შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არა იმას, თუ საბერძნეთის რომელ ქალაქში ცხოვრობდა ადამიანი 1 ან 2 წლის წინ, არამედ სად ცხოვრობს ის ახლა – განცხადების ჩაბარების მომენტში. ასეთი კატეგორიის ადამიანებს დიდი ალბათობით მსგავსი პრობლემები გექნებათ და მათ მოსაგვარებლად გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ადვოკატთან და/ან შესაბამის უწყებებთან.

ბოლოს, კითხვაზე, ეხებათ თუ არა „3-წლიანების“ გაუქმება იმ პირებს, ვისაც უკვე შეტანილი აქვს განცხადება და ელოდება გადაწყვეტილებას, პასუხია „არა“: ვინც მოასწარით და შეიტანეთ ახალი ცვლილებები თქვენ არ გეხებათ.
2. ე. წ. „სამწლიანების“ გარდა ასევე გაუქმდა ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის უფლების აღების შესაძლებლობა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონდათ მიღებული ბინადრობის უფლება.
ყურადღება! ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ეს კონკრეტული დებულებაც ძალაში შედის კანონის გამოქვეყნებიდან სამი თვის შემდეგ.

დადებითი:

1. ვინც 7 წლის განმავლობაში იმყოფებით საბერძნეთის ტერიტორიაზე, განურჩევლად იმისა, ვიზით შემოხვედით თუ არა, ისევ შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის უფლება. აქ კიდევ ერთი დადებითი ის არის, რომ როგორც ახალი კანონის ფორმულირებიდან ჩანს, ბინადრობის უფლების მოთხოვნებში აღარ იქნება ე. წ. საბერძნეთთან მჭიდრო კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა ვინც ბერძნული ენის გაკვეთილებზე დადიხართ, ან აპირებდით მისვლას, ან მსგავს აქტივობებში აპირებდით ჩართვას, ნუ იტყვით უარს. ასეთი საბუთები/სერტიფიკატები ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სხვა თვალსაზრისითაც და შიძლება გამოგადგეთ მომავალშიც (მაგ., საბერძნეთის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების დროს).

2. Ν. 4251/2014 კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის უფლების ხანგრძლივობა იყო განსაზღვრული 2 წლით, ხოლო ახალი კანონით ბინადრობის უფლების ვადა გაიზარდა ერთი წლით და ჯამში შეადგენს 3 წელს. ანუ ვინც ახალი კანონით შეიტანთ განცხადებას, თქვენი ბინადრობის უფლება იქნება 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ იმავდროულად მოსაკრებლის («Παράβολο») საფასური დარჩა იგივე ანუ 300 ევრო.

ყურადღება!
აღნიშნული პოსტის მიზანს არ წამოადგენს იურიდიული კონსულტაციის გაწევა ან მისი ჩანაცვლება. ასეთი მომსახურებისათვის, მიმართეთ თქვენს ადვოკატს!“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close