სირიაში ბერძენი ლტოლვილების ისტორია
სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. ამ ომის შედეგად მთელი ქალაქები განადგურდა და ლტოლვილების უზარმაზარი ნაკადები დაიძრა სხვა ქვეყნებისკენ, ძირითადად, ევროპისკენ. ბევრი მათგანი დღეს საბერძნეთში ცხოვრობს. საგულისხმოა, რომ უახლოეს ისტორიაში ორჯერ მოხდა საპირისპირო ამბავი – ბერძენი ლტოლვილები სირიამ შეიფარა.
1923 წელს, თურქეთ-საბერძნეთის ომის დამთავრების შემდეგ მცირე აზიაში მცხოვრები ბერძნები დევნის ობიექტად იქცნენ. ბევრი მათგანი საბერძნეთში წავიდა, მაგრამ აღმოსავლეთ ანატოლიის ბერძნულმა მოსახლეობამ თავი სირიას შეაფარა. ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ თავად ლტოლვილთა კომიტეტის ხელმძღვანელობა ითხოვდა, შეეზღუდათ ალეპოში მათი ჩასვლა, რადგან სათანადო სახსრები არ გააჩნდათ.
მაშინ სირიამ 17 ათასი ბერძენი ლტოლვილი შეიფარა. მათგან 2 ათასი ქალაქ ბეირუთში გადაიყვანეს. თავდაპირველად ამერიკული წითელი ჯვარი მათ სათანადო დახმარებას უწევდა, მაგრამ ეს დახმარება სულ სამ თვეს გაგრძელდა. სირიის ფრანგული მმართველობა გულგრილობას იჩენდა ბერძენი ლტოლვილების მიმართ.
1939 წელს თურქეთმა სირიას ალექსანდრეტას ოლქი წაართვა. ამ რეგიონში მცხოვრები 12 ათასი ბერძენი იძულებული გახდა, დამასკოსა და ალეპოში გადაბარგებულიყო, სადაც ისინი 1923 წელს დაფუძნებულ თანამემამულეებს შეუერთდნენ.
მომდევნო წლებში გერმანელი ნაცისტების მიერ დაპყრობილი ბერძნული კუნძულები 20 ათასმა ადამიანმა დატოვა. ბევრი მათგანი სირიაში გადასახლდა. მართალია, ბერძნები მაშინ სირიას დროებით საცხოვრებლად მიიჩნევდნენ და იქიდან წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი ამ ქვეყანაში სამუდამოდ დარჩა.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები