უცნაური და საშიში ინციდენტი საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე

80 ლტოლვილი შეეცადა ღამით უკანონოდ გადაეკვეთა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარი და საბერძნეთში გადასულიყო. ლტოლვილებმა მდინარე ევროს (ებრო) შუაში მდებარე კუნძულამდე მიაღწიეს. როდესაც თურქულმა და ბერძნულმა სასაზღვრო დაცვის სამსახურებმა ფაქტი დააფიქსირეს, თითქმის ერთდროულად გაემართნენ შემთხვევის ადგილზე.

რამდენადაც ორივე მხარე კუნძულს თავის საკუთრებად მიიჩნევდა, ლტოლვილების გადარჩენა-დაკავების ოპერაციის ჩატარებას ერთმანეთს არ ანებებდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესაზღვრეების დასახმარებლად მსხვილი სამხედრო შენაერთები მივიდნენ. დაპირისპირების დეტალები უცნობია. ფაქტია, რომ „ნერვებზე თამაში“ დილამდე გაგრძელდა და საბოლოოდ თურქულმა მხარემ უკან დაიხია.

შემთხვევა მდინარე ევროს თავისებურებას უკავშირდება: გვიან გაზაფხულზე მდინარის დონე მნიშვნელოვნად იკლებს და მასში პატარა კუნძულები ჩნდება. დღეს, როდესაც თურქულ-ბერძნული ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია, ასეთი დროებითი კუნძულებიც კი დაპირისპირების საგანს წარმოადგენს და კონფლიქტის გამწვავების პოტენციურ საფრთხეს შეიცავს.

კომენტარები
Загрузка...