ახალშობილის მკვლელი დედა დროებით თავისუფალია

გასულ შაბათს, 21 აპრილს ძალიან სამწუხარო და დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა ათენის ნეა სმირნის რაიონში: პოლიციამ საცხოვრებელი ბინის უკანა ეზოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვა. ცნობილი გახდა, რომ დედამ ბავშვი საბანში გაახვია, ვარდისფერ პარკში ჩადო და აივნიდან უკანა ეზოში გადააგდო.


პოლიციამ მკვლელის ვინაობა ადვილად დაადგინა. აღმოჩნდა, რომ 22 წლის ბერძენი სტუდენტი გოგონა მისი მეგობრისგან დაფეხმძიმდა. მან არასასურველი ფეხმძიმობის შესახებ არც ოჯახს შეატყობინა და არც ბავშვის მამას, სახლში მარტო იმშობიარა და ბავშვი აივნიდან გადააგდო.

დღეს, 27 აპრილს შვილის მკვლელი დედის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა და 22 წლის სტუდენტს აღმკვეთ ღონისძიებად 5000 ევრო გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესის დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. ამავე დროს, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

დედას, რომელმაც შვილი გაწირა, ბრალად ახალშობილის მკვლელობა ედება, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები