ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრებამდე მოქალაქეებს ონლაინანკეტის შევსება მოუწევთ

საქართველო იმ 59 ქვეყნის რიცხვშია, რომლის მოქალაქეებსაც ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე შესაძლოა ონლაინანკეტის შევსება მოუწიოთ. ეს მომსახურება ფასიანი იქნება და 7 ევრო ეღირება.

ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. ანკეტის საფუძველზე ნებართვის მისაღებად მაქსიმალურ ვადად 96 საათია განსაზღვრული, თუმცა მიღებული დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ შესვლის უფლება გარანტირებული გაქვთ: საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მესაზღვრე მიიღებს.

აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი 25 აპრილს უკვე შეთანხმდნენ: საქმე ეხება მგზავრთა  საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა ETIAS-ს (European Travel and Information Authorisation System), რომელიც ამერიკული ESTA-ის (Electronic System for Travel Authorisation) ევროპულ ანალოგს წარმოადგენს.

განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ერთხელ მიღებული ნებართვა სამი წლის განმავლობაში იქნება ძალაში ანუ ევროპაში უვიზოდ გამგზავრების მსურველ მოქალაქეს 3 წლის განმავლობაში აღარ დასჭირდება ონლაინანკეტის შევსება.

კონკრეტულად როდის შევა ახალი მექანიზმი ძალაში, უცნობია. ზემოხსენებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის საბოლოო დამტკიცებამდე განხილვის რამდენიმე ეტაპი დარჩა და საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უნდა მიიღოს. როგორც ვარაუდობენ, ახალი რეგულაცია 2020 წლიდან ამოქმედდება და ჯერ თვითმფრინავითა და გემით მოგზაურობის მსურველებს შეეხებათ, ამოქმედებიდან 3 წელიწადში კი ონლაინანკეტების შევსება იმ მგზავრებისთვისაც აუცილებელი გადება, რომლებიც საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიების მომსახურებით ისარგებლებენ.

დაწვრილებითი ინფორმაცია ონლაინანკეტის თაობაზე შეგიძლიათ მიიღოთ ETIAS-ის საინფორმაციო ვებგვერდზე, რომელიც ახლახან ამუშავდა.

კომენტარები