„მომავალი თქვენს ხელშია, გინდა კანადაში ყოფილხართ და გინდა საქართველოში“

„საქართველო ჩვენი სამშობლოა და, ადრე თუ გვიან, უნდა დავბრუნდეთ ყველა, რათა ჩვენი გამოცდილება ერთად გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ამ რწმენით ცხოვრობს მიხეილ გოგოშიძე კანადაში. იგი ერთ-ერთი იმ ემიგრანტთაგანია, რომელსაც საქართველოდან წასვლა და უცხოეთში ცხოვრება თავად არ გადაუწყვეტია, 16 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ჩავიდა კანადაში, სადაც გოგოშიძეების ოჯახი უკეთესი მომავლის საძიებლად გაემგზავრა. დღეს მიხეილ გოგოშიძე წარმატებულია, აქვს თავისი საქმე და ემიგრანტებსაც ეხმარება…

მიხეილ, როგორც ვიცი, საქართველოდან 2003 წელს წახვედით კანადაში, რომელ ქალაქში ცხოვრობთ?
ტორონტოში ვცხოვრობ. 2003 წლის მარტში ჩამოვედით მთელი ოჯახი და თავიდან ძალიან გაგვიჭირდა აქ ყოფნა. მახსოვს, თვითმფრინავი რომ ეშვებოდა ტორონტოს პირსონის აეროპორტში, აქ კიდევ თოვლი იდო და ყველაფერი ნაცრისფერი იყო; ჩემს ძმას მივუტრიალდი და ვკითხე, ეს სად მივყავართ ჩვენს მშობლებს-მეთქი. მაშინ 16 წლის ვიყავი. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო საქართველოდან წასვლა, რადგან ბევრი გულთან ახლოს მყოფი ადამიანი დავტოვე იქ პატარაობიდან და გული მწყდება, რომ ისინი დღემდე სულ ორჯერ მყავს ნანახი.

უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ რა გავლენა იქონია თქვენზე?
როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ და გაურკვევლობასთან ერთად მოგზაურობ, სწრაფად იზრდები – შენ წინაშე ახალი გამოწვევები, აღმოჩენები და თავგადასავალებია… ისწავლი ჰორიზონტის გაშლას და ემოციურად ვითარდები. თავიდან სამშობლო სასწაულად გენატრება და ქმნი მოგონებებს, რომლებიც შენთან დარჩება სამუდამოდ. ადრენალინი შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. იმ მომენტიდან, როგორც კი წასვლას გადაწყვეტ, შენი ცხოვრება იქცევა ემოციურ ზღვად. სულ სწავლობ, სულ მოძრაობაში ხარ… ბევრი მოულოდნელი რამ გელის აქ, რაც არ გაგითვალისწინებია. სულ სირბილში იქნები, ახალ ხალხს გაიცნობ და ახალი მოგონებების შექმნას დაიწყებ…

როგორი ცხოვრების ტემპი აქვს კანადას?
აქ ცხოვრება ადრენალინის მოზღვავებას ჰგავს, რადგან ისეთი ჩქარი დინებაა, როგორც არ უნდა ირბინო, ყოველთვის ჩამორჩენილად იგრძნობ თავს… მაგრამ როდესაც უკან წახვალ სამშობლოში, მიხვდები, რომ შენი ცხოვრება იმდენად უწყვეტად და სწრაფად მიდიოდა, რომ ყველაფერი, რაც უკან დატოვე, ცოტა უცხოდ მოგეჩვენება.

ბევრი გეტყვის, როგორი გაბედული ხარ, ასე რომ აბარგდი და გადაიხვეწეო, რომ არ გვეშინოდეს, შეიძლება ჩვენც წავსულიყავითო…

ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყება უცხო მხარეში მართლაც დიდ რისკს უკავშირდება და გაბედულება ნამდვილად სჭირდება…
სიმართლე ისაა, რომ გაბედულებას ასეთ გადაწყვეტილებებში პროცენტულად ძალიან პატარა წილი უჭირავს. მთელი შენი გულით და სულით თუ არ გინდა, რასაც აკეთებ და ყველაფრის უკან დატოვებას თუ ვერ შეძლებ, გაწამდები და მთელ ცხოვრებას უბედური გაატარებ. დრო რომ გავა, ცოტა მოგეშვება და მიხვდები, რომ ახლა ისევ თავისუფალი ხარ, ეს თავისუფლება შენი მონაპოვარია და ცოტა მეტი სიამაყით შეხედავ მას.

საზღვარგარეთ როცა მოხვდები, მიხვდები, რომ ენა შენს არჩევანზეა და მთავარი ენის მნიშვნელობა უკან დაიწევს. ასევე მიხვდები, როგორ მიდი-მოდიან შენს ცხოვრებაში ადამიანები და ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭებას გადაეჩვევი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება ასეთია.

საზღვარგარეთ ცხოვრებისას ხვდები, რომ ცნება „ნორმალურის“ განსაზღვრა მხოლოდ სოციალურად ან კულტურულადაა სწორი. სხვადასხვა კულტურისა და საზოგადოების შემთხვევაში „ნორმალურის“ ცნება იცვლება – რაც ერთში „ნორმალურია“, მეორეში შეიძლება მიუღებელი იყოს… ყველაზე რთული საზღვარგარეთ ცხოვრებაში, მიმაჩნია, რომ არის ნოსტალგია. რაც არ უნდა ეცადო, ვერ გაექცევი და ვერ დაემალები; უბრალო სუნმა, სურათმა, სიტყვამ ან ნებისმიერმა ნივთმა, რომელსაც ყურადღებას არც კი აქცევდი, შეიძლება ძალიან გაგიმძაფროს მონატრება.

საკმაოდ პატარა წახვედით საქართველოდან, განათლება ტორონტოში მიიღეთ?
სკოლა კანადაში დავამთავრე და მერე ტორონტოს უნივერსიტეტში ვისწავლე, პარალელურად ვმუშაობდი. მუშაობა კი იმიგრანტისთვის გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აქ დაბადებულებისთვის, რადგან რამდენ ხანსაც არ უნდა იცხოვრო, ყველა მაინც გიყურებს, როგორც იმიგრანტს, ამიტომ ათჯერ უფრო მეტი უნდა იშრომო ადგილობრივებთან შედარებით. ამჟამად მაღალი კლასის მაღაზიების ქსელის რეგიონული მენეჯერი ვარ, მაგრამ ეს ადვილად არ მოსულა… პირველად მუშაობა რომ დავიწყე, რესტორანში ვმუშაობდი მრეცხავად და ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი. ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთ ახალ წელს მატარებელში შევხვდი, სამუშაოდან სახლში რომ ვბრუნდებოდი.

კიდევ რა საქმით ხართ დაკავებული?
კანადაში ჩემი 15-წლიანი ცხოვრების და გამოცდილების გამო, ჩემს ძალიან კარგ მეგობართან ერთად, გადავწყვიტე გამეხსნა ჯგუფი Facebook-ზე სახელწოდებით ALL ABOUT CANADA (ყველაფერი კანადის შესახებ) და კანადაში ჩამოსვლის მსურველებს რაც შეიძლება მეტ იფორმაციას ვაწვდით, რომ იცოდნენ, როგორ გაიკვალონ აქ გზა.

ერთ რამეს კი ვხვდები: რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო აქ და რაც არ უნდა შეიცვალოს, ჩემი სამშობლო, ოცნება იდეალურ საქართველოზე, სადაც ყველა ბედნიერია და არ არის გასაჭირი, ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ცხოვრებაში ადვილი არაფერია, მაგრამ ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუ იშრომებ. მჯერა, რომ ყველას შესწევს იმის ძალა, მიაღწიოს თავისი ოცნების ასრულებას, თუკი მართლა გულით მოინდომებს.

აპირებთ თუ არა სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას და რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
საქართველო ჩვენი სამშობლოა და, ადრე თუ გვიან, უნდა დავბრუნდეთ ყველა, რათა ჩვენი გამოცდილება ერთად გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენს მკითხველს კი ასეთ რჩევას მივცემდი: ადვილად არასდროს დანებდეთ ცხოვრებას და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მომავალი თქვენს ხელშია, გინდა კანადაში ყოფილხართ და გინდა საქართველოში… ყოველთვის არსებობს გზა, რომ ოცნება აიხდინოთ, უბრალოდ, სათანადო შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...