გიორგი ნიკოლაიშვილი: „ის ამერიკა გაცილებით გვიან ვიპოვე, რომელზეც ვოცნებობდი“

„ემიგრანტების შესახებ გადაცემებში ან სტატიებში აქცენტი კეთდება მხოლოდ ე. წ. „სკაიპის დედებზე“, იმ გმირ ქალებზე, რომლებმაც იძულებით მიატოვეს ოჯახები და სამუშაოდ წამოვიდნენ მათ გადასარჩენად. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ემიგრანტი შვილები – აქ ძალიან ბევრი 20-25 წლის ასაკის ახალგაზრდა ვცხოვრობთ, რომლებმაც ჩვენს თავზე ავიღეთ ის, რაც სხვების დედებმა გააკეთეს“, – ამბობს გიორგი ნიკოლაიშვილი, რომელიც 5 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს:

გიორგი, რა პროფესიის ხართ?

პროფესიით გახლავართ ფინანსური ანალიტიკოსი. 2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU). ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი 4 წელი თბილისში, 2 წელი კი ნიუ-იორკში.

ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში  2013 წელს გაემგზავრეთ. ენა კარგად იცოდით? და რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ?

ჩამოსვლამდეც  ვსაუბრობდი ინგლისურად, როგორც ახლა, თუმცა უამრავ სირთულესთან დამჭირდა გამკლავება. ჩამოვედი ტურისტული ვიზით, დავარღვიე და დავრჩი. სანამ უსაბუთოდ ვიყავი, გაუსაძლისი იყო ცხოვრება, ვინაიდან მიწევდა ისეთ სამსახურებში მუშაობა (ძირითადად, მომსახურების სფეროში), მანამდე რომ არასდროს მიმუშავია. როდესაც ახალი ჩამოსული ხარ, ყველაფერი სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყველაფერი უცხოა: გარემო, ადამიანები, საკვები, ტრანსპორტი… ადაპტაცია მოდის წლებთან ერთად. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამერიკული იუმორი დღემდე არის ჩემთვის გადაულახავი სირთულე. ერთმა ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა რამდენიმე წლის წინ მითხრა, მაშინ დასრულდება და საბოლოოდ შედგება შენი ემიგრაცია, როდესაც ამერიკულ ხუმრობებზე გულიანად გაგეცინებაო. მე კი ჯერ ღიმილსაც არ მგვრის.

კარგად გქონდათ გააზრებული თქვენი  გადაწყვეტილება?

ძალიან დაუფიქრებლად და გადაუმოწმებლად წამოვედი ემიგრაციაში. მინდოდა სიახლე ცხოვრებაში, უკეთესი კარიერა, განათლება და ფინანსური მდგომარეობა. მოლოდინი მქონდა ისეთი, როგორიც ჰოლივუდურ ფილმებშია, თუმცა ის ამერიკა გაცილებით გვიან ვიპოვე, რომელზეც ვოცნებობდი.

რა არის თქვენი ინტერესის ობიექტი?

ჩემი ინტერესები განსხვავებულია. მაქვს ბევრი ჰობი, ყველაზე კომფორტულად კი თავს თვითმფრინავში ვგრძნობ. მიყვარს შორეული ფრენები, ახალი თავგადასავლები, იაპონური სამზარეულო და მანჰეტენზე სეირნობა.

რას იტყვით ნიუ-იორკზე?

ნიუ-იორკი ემიგრანტების შტატია, რთულია აქ შეიგრძნო ნამდვილი ამერიკა რაფინირებული ამერიკელებით და მათი ტრადიციებით. შარშან აქტიურად დავიწყე მოგზაურობა შტატების გარშემო და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ძალიან შორსაა ნიუ-იორკი საოცნებო ამერიკისგან. მე ჩემი ამერიკა ტეხასში ვიპოვე. ორჯერ ვიყავი და უახლოეს მომავალში ისევ გავემგზავრები, მოვინახულებ სხვადასხვა ქალაქს. თუმცა ნიუ-იორკი ჩემთვის სამყაროს ცენტრია, სრული ქაოსი, გადატვირთული ქუჩებითა და მეტროს სადგურებით; აქ ერთმანეთს ერწყმის მსოფლიოს უამრავი ქვეყნის ტრადიცია, კულტურა და ყველა ერთად მშვიდობიან გარემოში ვქმნით ამერიკას – ქვეყანას ემიგრანტებისთვის. ამიტომ წარმოუდგენელი მგონია, ოდესმე სადმე სხვა ქალაქში ვიცხოვრო. როდესაც ნიუ-იორკში ვბრუნდები, გული მიჩქარდება და ერთი სული მაქვს, თვითმფრინავი დროულად დაჯდეს.

ანუ ოცნება აიხდინეთ?

რაც შეეხება ოცნებებს, ის ნამდვილად სრულდება! განსხვავება მხოლოდ ერთ რამეშია: ვის როგორ წარმოუდგენია ოცნება. ზოგისთვის ეს თბილისში გასაქირავებლად შეძენილი 9 ბინაა, ჩემი ამერიკული ოცნება კი სცდება მატერიალურს: დაუღალავად შემიძლია საუბარი ამერიკაზე. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც არალეგალსაც კი პატრონობენ და არ ტოვებენ უპატრონოდ საოპერაციო მაგიდაზე. ეს ის ქვეყანაა, რომლის კონსტიტუცია იწყება სიტყვებით: „We are the People“, ადამიანზე, მისი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ორიენტირებული ზესახელმწიფო. ჩემთვის ამერიკა დამოუკიდებლობაა, საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება; ეს ის ქვეყანაა, სადაც არ არსებობს „კეთილისმსურველი“ ჭორიკანა მეზობლის ინსტიტუტი. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და სპორტის უმაღლესი განვითარების ადგილი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში იმაზე მეტ პატივს სცემენ და ზრუნავენ ცხოველებზე, ვიდრე ადამიანებზე – ჩემს სამშობლოში. ასე რომ, Here Dreams Come True!

თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე არაფრით გამოირჩევა. თუ არ ვმუშაობ, იმ დღეს მეგობრებს ვუთმობ, ვეხმარებით ერთმანეთს, ვერთობით. ასევე ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში Facebook-ს, სადაც ჩემ მიერ შექმნილი ჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ მეშვეობით ყოველდღიურად მაქვს კონტაქტი ამერიკაში მცხოვრებ ათასობით ქართველთან. ვეხმარებით ერთმანეთს ინფორმაციით, ვასაქმებთ, ვპოულობთ ბინებს და ოთახებს, ასევე ვეწევით ქველმოქმედებას (ბოლო 6 თვეში $45 000-მდე მოვაგროვეთ და გავგზავნეთ საქართველოში სხვადასხვა ბენეფიციარის ოპერაციების დასაფინანსებლად).

რას ეტყოდით საქართველოს და ჩვენი ქვეყნიდან წასულ ემიგრანტებს?

საქართველოს ვეტყვი, რომ ძალიან მენატრება. ფიქრებით ხშირად ვარ ჩემს სახლში, ჩემს თბილისში. 23 წლის გავხდი ემიგრანტი – ეს ის ასაკია, როდესაც ყველანაირად ჩამოყალიბებული გეგმებით და მიზნებით ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში.

ჩემს მონატრებულ ქართველებს კი ვეტყოდი, რომ არც ისე ადვილია უცხო მიწაზე ცხოვრება და თავის დამკვიდრება, როგორც ეს შორიდან ჩანს. ჩვენ არც ფულის პლანტაციებში ვმუშაობთ და არც ხიდან ვკრეფთ ფულს, შრომის და წვალების ხარჯზე გვიწევს ჩვენი ოჯახების ფინანსური სტაბილურობის მიღწევა. მაგრამ ყველაზე დიდი მოურჩენელი ტკივილი არის მონატრება, რომელსაც ვერაფერი აბალანსებს. მალე 5 წელი გახდება, რაც ჩემი მშობლები არ მინახავს. ასე რომ, ემიგრანტი ვერასდროს ხარ ბოლომდე ბედნიერი.

მინდა მივმართო თქვენს მკითხველს: ემიგრანტების შესახებ გადაცემებში ან სტატიებში აქცენტი კეთდება მხოლოდ ე. წ. „სკაიპის დედებზე“, იმ გმირ ქალებზე, რომლებმაც იძულებით მიატოვეს ოჯახები და სამუშაოდ წამოვიდნენ მათ გადასარჩენად. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ემიგრანტი შვილები – აქ ძალიან ბევრი 20-25 წლის ასაკის ახალგაზრდა ვცხოვრობთ, რომლებმაც ჩვენს თავზე ავიღეთ ის, რაც სხვების დედებმა გააკეთეს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სულ რამდენიმე თვეში პირველად შევხვდები ჩემს მშობლებს მას შემდეგ, რაც ამერიკაში წამოვედი; ასევე, ძალიან მალე ვიცვლი სამსახურს და გადავდივარ სრულიად ახალ გარემოში და სფეროში, მინდა ახალ ამპლუაში გამოვცადო საკუთარი თავი. რაც შეეხება საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას, მომავალ 20 წელში არ განიხილება. შემდეგ რა იქნება, არავინ იცის, ამიტომაც არ ვუწოდებ ჩემს თავს ემიგრანტს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...