სტაფილოს ტორტი – გემრიელი და სასარგებლო დესერტი

ამ ნაზი, ლამაზი და ძალიან გემრიელი დესერტის სამშობლოდ იტალია ითვლება. ტორტს, ძირითადად, ღარიბ ოჯახებში ამზადებდნენ, რადგანაც მათთვის სტაფილო ხელმისაწვდომი პროდუქტი იყო. მოგვიანებით ტორტის რეცეპტი დაუმსახურებლად მიეცა დავიწყებას და ის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დიდ ბრიტანეთში აღადგინეს.

საჭირო პროდუქტი:

3 კვერცხი, 1 ჩ/ჭ შაქარი, 1/2 ჩ/ჭ ზეთი, 2,5 ჩ/ჭ გახეხილი სტაფილო, 1/2 ჩ/ჭ ნიგოზი, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი, 1/3 ჩ/ჭ მაწონში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა, 2 ჩ/ჭ ფქვილი, მწიკვი მარილი, 1 ჩ/კ დარიჩინი, ვანილი.

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ზეთი, წვრილად გახეხილი უმი სტაფილო, მსხვილად დაბლენდერებული ნიგოზი (ან წვრილად დაჭრილი), გამაფხვიერებელი, მაწონში გახსნილი სოდა, ფქვილი, მარილი, დარიჩინი, ვანილი. აფქვეფილი მასა ჩაასხით პერგამენტჩაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში 170 გრადუსზე 30 წთ.

გაჭერით შუაზე და გაუკეთეთ კრემი, რომელიც ასე მზადდება:

180 გ კარაქი ათქვიფეთ 2 ჩ/ჭ შაქრის პუდრთან ერთად, დაუმატეთ 700 გ წვრილ საცერში გახეხილი ხაჭო, ცოტა ვანილი, ფორთოხლის ცედრა და მწიკვი მარილი.

რჩევა 1. ყველას არ მოსწონს სტაფილოს გემო. მისი ჩახშობა შესაძლებელია, თუ ცომს ნატურალურ არომატიზატორებს – თაფლს, ვანილს, დარიჩინს, ცუკატებს ან რაიმე მსგავსს დაუმატებთ.

რჩევა 2. ცომი ცხიმის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ: მხოლოდ კვერცხით, შაქრით, გამაფხვიერებლითა და ფქვილით.

რჩევა 3. სტაფილო გინდ უმი აიღეთ, გინდ მოხარშული – ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ სტაფილო ახალი და წვნიანია, ნუ გაწურავთ, უბრალოდ, გამოცხობის დრო გაზარდეთ.

კომენტარები