სიზმრები – „მოგზაურობა“ ქვეცნობიერში

ადამიანი დასაბამიდან ცდილობს, ჩასწვდეს სიზმრის საიდუმლოს. არსებობს უამრავი ინტერპრეტაცია თითოეული იმ სიმბოლოსი, რომელთაც სიზმარში ვხედავთ; ასევე იმისაც, თუ რა და რატომ გვესიზმრება. სიზმრის ფენომენს განმარტავდნენ ეზოთერული და მისტიკური სწავლებანი, სხვადასხვა რელიგია, მედიცინა, მაგრამ ზიგმუნდ ფროიდის მიერ ფსიქოანალიზის ცნობილი თეორიის შექმნის შემდეგ ძილი და სიზმარი ყველაზე მეტად სწორედ ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩვენი სიზმრები, რასაკვირველია, ინდივიდუალურია და მათი პროფესიული განმარტებისათვის ფსიქოანალიტიკოსს ხანგრძლივი მუშაობა და დიდი გამოცდილება სჭირდება, თუმცა არსებობს ტიპური სიზმრისეული სიუჟეტები, რომელთა ფსიქოლოგიურ განმარტებებს ქვემოთ იხილავთ.

გამოცდები, ჯარი ან საბრძოლველად წასვლა

მამაკაცებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწია ბრძოლის ველზე ყოფნა, ხშირად ესიზმრებათ ბრძოლის სიტუაცია, ან ხედავენ, თითქოს ჯარში მიდიან; ქალები კი იმავე სულიერი მდგომარეობის დროს ხედავენ, რომ გამოცდაზე გადიან, სწორად ვერ პასუხობენ, ეშინიათ, ღელავენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? გამოცდა, ჯარი, ბრძოლა – ყოველთვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის მანიშნებელია. შევძლებთ თუ არა ბარიერის გადალახვას, გამარჯვებას? ასეთი რამ სწორედ მაშინ გვესიზმრება, როდესაც რაღაც ახალი იწყება ჩვენს ცხოვრებაში; ის, რაც ჩვენგან ძალების მოკრებას, ცოდნისა და უნარის გამოჩენას მოითხოვს – როგორც ოდესღაც სასკოლო გამოცდა, რომელიც სიზმრად ვნახეთ.

მორყეული და ჩამოცვენილი კბილები

სიზმრის ამხსნელი მისტიკური წიგნების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, რომლებიც კბილების მორყევასა და ჩამოვარდნას უამრავ უსიამოვნებასა და დანაკარგს უკავშირებენ, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ასე სულაც არ არის. ზოგ შემთხვევაში სიზმარში კბილების დაკარგვა შესაძლოა ორგანიზმის სიგნალი იყოს კბილების ან ღრძილების დაავადების შესახებ, რომელიც იმ ეტაპზე ჯერ კიდევ ლატენტურია, სხეულმა კი უკვე „იცის“ მისი არსებობის შესახებ და ამგვარად ატყობინებს ჩვენს ცნობიერებას. კბილების ჩამოვარდნა, ასევე, შესაძლოა იმის გამოხატულებაა, რომ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში „კბილები ვერ ვაჩვენეთ“ ანუ პრინციპულობა ვერ გამოვიჩინეთ და თავი ვერ დავიცავით, რაც ძილში ჩაგვყვა და სიზმარში ამგვარი სახე მიიღო. ამ სიზმრის შემდეგ კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ ჩვენი ცხოვრებიდან ისეთ მომენტებს, როდესაც „ვივარგეთ“, ჩვენი პოზიციის გატანა მოვახერხეთ, შნო გამოვიჩინეთ. ეს გაგვამხნევებს და თავდაჯერებულობას შეგვმატებს.

ბავშვი სიზმარში

„ცუდია, ავადმყოფობას ნიშნავს“, – გვეუბნებიან „სიზმართმცოდნეები“, მაგრამ ფსიქოლოგები მათ პოზიციას არც ამ შემთხვევაში იზიარებენ. ბავშვურობა, უფრო სწორად, „ბავშვი ჩვენს სულში“, რომელიც კრეატიულობას, სილაღეს, ნიჭიერებას, ემოციურობას, ცნობისმოყვარეობას და სიახლისკენ სწრაფვას განაპირობებს და გვინარჩუნებს, სიზმრად „გვეცხადება“ ხოლმე. თუ დასიზმრებული ბავშვი ხალისიანი და მხიარულია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ შემოქმედებით საწყისს ან ემოციურობას არ ვთრგუნავთ, ხოლო თუ მოწყენილი ან ავადმყოფია, დაფიქრდით, ხომ არ ჩაგითრიათ ცხოვრებისეულმა რუტინამ, სიცილი და ბავშვური, გულწრფელი სილაღე ხომ არ დაგეკარგათ? ერთი წუთით დაივიწყეთ, რომ სოლიდური ადამიანი ხართ, გაისეირნეთ ზოოპარკში, დატრიალდით კარუსელზე, პირდაპირ ქუჩაში მიირთვით ნაყინი ან ბატიბუტი და დააკვირდით, რა აზრები მოგივათ ამ დროს თავში.

კატა: მტერი თუ ნატვრა?

როგორ გესიზმრა კატა? მოკალი, დაამარცხე, დასაჯე, გააგდე თუ მოეფერე და გულში ჩაიკარი? – დაინტერესდებიან სიზმრების ამხსნელები, ეს უწყინარი ცხოველი ხომ მათ წარმოდგენაში მტრის სიმბოლოა. აი, ფსიქოლოგები კი კატას ქალურობისა და სექსუალურობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. დაუკვირდით, როგორ იქცეოდა ფისუნია სიზმარში. თუ ალერსიანად გეგლასუნებოდათ და სიამოვნებით კრუტუნებდა, თქვენი ცხოვრების ემოციური, ვნებიანი სფერო წესრიგშია. მაგრამ თუ კატა აგრესიული იყო და იკაწრებოდა, ან იკბინებოდა, მაშინ სავარაუდოა, რომ კონტაქტი სექსუალურ პარტნიორთან მოსაწესრიგებელი გაქვთ და საკუთარი ემოციურობა და სექსუალურობა გაფრთხობთ. ასეთი სიზმრის შემდეგ ცუდი არ იქნება, თუ თავს უფლებას მისცემთ, ცოტა ხნით ინებივროთ, მყუდროდ მოკალათდეთ ტელევიზორის წინ, ან წიგნით ხელში… არა გაქვთ ამის საშუალება? მაშინ კატის გრაციით ერთი გემრიელად გაიზმორეთ მაინც.

სიზმრის ავტომობილი

სიზმრად ნანახი ავტომანქანა, ძირითადად, იმ მიმართულებას გამოხატავს, რომლითაც კონკრეტულ მომენტში ვითარდება ჩვენი ცხოვრება. ავტომობილი შესაძლოა ძალზე სწრაფად მიქროდეს ტრასაზე, ან ქუჩის საცობში იყოს გაჩხერილი; შეიძლება, ოღროჩოღრო ან ტალახიან გზას მიუყვებოდეს. თუ ამგვარ სიზმრისეულ სიმბოლოს დავუკვირდებით, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ რეალობასთან. „საავტომობილო“ სიზმრებში მნიშვნელოვანია ისიც, რა პოზიცია გიკავიათ ავტომობილში (ანუ ცხოვრებისეულ ვითარებაში) – მშვიდად ან, პირიქით, შფოთიანად ზიხართ მძღოლის გვერდით,  ენდობით (არ ენდობით) მძღოლის პროფესიონალიზმს, თუ თავად მართავთ მანქანას. ამგვარი პოზიცია გვიჩვენებს, რამდენად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე, თუ გირჩევნიათ თქვენ მაგივრად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს.

თამთა გურული

კომენტარები
Загрузка...