სწავლა და მუშაობა გერმანიაში

გერმანიაში განათლების მიღების მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვი, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ყველაზე მაღალია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები გერმანიაში სტუდენტებს 1381 საერთაშორისო კურსს სთავაზობენ და საგნების შესწავლა სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი, შესაბამისად, გერმანიაში დღეისათვის 300 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

გერმანული ენის დიპლომს (DSD) 870 სკოლა გასცემს; გერმანიის მიერ გაცემულ ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი საერთაშორისოდ აღიარებულია, ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანიაში დასაქმების მაჩვენებლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მსოფლიოს 72 ქვეყანაში 140-ზე მეტი გერმანული სკოლაა, სადაც მთლიანობაში 20 800 გერმანელი და 61 000 უცხოელი სტუდენტი ირიცხება.

იმის გამო, რომ უცხოენოვანი კურსების პარალელურად სახელმწიფო უნივერსიტეტებში ლექციების უმეტესობა გერმანულ ენაზეა, სავალდებულოა გერმანული ენის ცოდნა, რასაც მრავალრიცხოვან ენის კურსებთან ერთად გოეთეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს. გოეთეს ინსტიტუტს 159 ფილიალი აქვს 98 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

გერმანიაში განათლების მიღების მსურველებს ასევე ეხმარება German Academic Exchange Service (DAAD) – გაცვლითი სასწავლო ცენტრი, რომელიც დაინტერესებულ ახალგაზრდებს სწავლის ხელსაყრელ ვარიანტებს სთავაზობს. DAAD მოტივირებულ ახალგაზრდებს გერმანიაში ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლასაც უფინანსებს  და ყველა ხარჯს უნაზღაურებს. ორგანიზაციამ გასულ წლებში 70 000-ზე მეტ გერმანელ და 50 000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს მისცა გრანტი.

გერმანია, როგორც საუნივერსიტეტო ქვეყანა, უცხოელთათვის საინტერესოა მაჩვენებლებით, როგორიცაა: 
  • უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური დონე;
  • გერმანული საინჟინრო განათლების აღიარებული ხარისხი;
  • სწავლების საერთაშორისო სტანდარტები: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
  • უფასო სწავლება ან სწავლის დაბალი საფასური, ევროგაერთიანების სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით ცხოვრების იაფი პირობები.
გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეული

1. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი – გერმანიის ამ ყველაზე ძველ უნივერსიტეტს ფილიალები აქვს ამერიკაში, ჩილესა და ეგვიპტეში. მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტიც. მისი ცნობილი კურსდამთავრებულები არიან: ჰეგელი, მენდელეევი, მანდელშტამი, ჰელმუტ კოლი, გებელსი და სხვები.

2. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება. ამ უნივერსიტეტის 34 კურსდამთავრებული ნობელის პრემიის ლაურეატია. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში ის მეცამეტე ადგილს იკავებს, ხოლო „დერ შპიგელის“ რეიტინგების მიხედვით, საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება ისტორიის, სოციოლოგიის, მედიცინისა და ბიოლოგიის მიმართულებით. მისი ცნობილი კურსდამთავრებულები არიან პატრიკ ზიუსკინდი, რაინერ მარია რილკე, რიჰარდ შტრაუსი, იან ფლემინგი, მაქს ვებერი და სხვები.

3. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების YU-9 გაერთიანებაში შედის და ერთადერთი გერმანული ტექნიკური უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოთა სიაშია. მის კურსდამთავრებულებს ხშირად შეხვდებით ისეთ მსხვილ კორპორაციებში, როგორიცაა, მაგალითად, BMW და Siemens-ი.

4. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი – ელიტური სასწავლებელია, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები ყველაზე მაღალ დონეზე ისწავლება. მას 100-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე; უნივერსიტეტი „ერასმუსის“ პროგრამის აქტიური მონაწილეა და არაერთ გაცვლით პროგრამაშია ჩართული. მისი ცნობილი კურსდამთავრებულები არიან გერტა მიულერი, ქენძაბურო ოე, გერჰარდ ერტლი.

5. გეორგ ავგუსტის სახელობის გეტინგენის უნივერსიტეტი – 1737 წელს დაფუძნებული ეს უმაღლესი სასწავლებელი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებად ითვლება მედიცინის, ბიოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით. მის „ანგარიშზეა“ ნობელის პრემიის 47 ლაურეატი; გეტინგენის უნივერსიტეტი დაამთავრეს ოტო ბისმარკ-შენჰაუზენმა და არტურ შოპენჰაუერმაც.

* * *

გერმანიაში სკოლაში სწავლა 13 წელს გრძელდება, უნივერსიტეტში კი სწავლის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის განსაზღვრული და სტუდენტის აქტივობასა და მოსწრებაზეა დამოკიდებული.

გერმანული სასწავლო მოდელის ყველაზე დიდი უპირატესობა უფასო განათლებაა. სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა ფასიან სასწავლებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებს და ისინი ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის. კერძო სასწავლებლებში განათლებას მოსახლეობის მხოლოდ 5% იღებს.

გერმანიაში სწავლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ყოველთვიური ხარჯები:
  1. ბინის ქირაობა 400-იდან 800 ევრომდე ჯდება;
  2. კვება – 200-იდან 400 ევრომდე;
  3. დაზღვევა – 40-იდან 70 ევრომდე;
  4. ტრანსპორტი – 50 ევრო.
Berlin, S-bahn
მუშაობა სწავლის პარალელურად:

გერმანიაში არდადეგები წელიწადში 5 თვეს გრძელდება, აქედან გამომდინარე, სტუდენტს უფლება აქვს კვირაში 20 საათი იმუშაოს. საშუალო ანაზღაურება საათში 5-10 ევროა. საიმიგრაციო კანონმდებლობით, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტუდენტებისთვის სამუშაო უფლების მიღება მარტივია.

გერმანიაში სწავლის მსურველებს 12 000 სპეციალობასა და საგანს შორის შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი 440 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რომელთა უმრავლესობა სახელმწიფოა (360-მდე). მათ შორისაა ძველი უნივერსიტეტები კლასიკური სპეციალობების ფართო სპექტრით და, ამავე დროს, ბევრი შედარებით მცირე ზომის უნივერსიტეტი თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული სპეციალობებით.

გერმანული განათლების სისტემა

გერმანიის საუნივერსიტეტო სისტემისთვის, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის რეფორმის დროიდან ანუ XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, დამახასიათებელია სწავლების ისეთი სტილი, როდესაც სწავლება ეფუძნება დისკუსიას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.

დღეისათვის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემოღების შემდეგ სისტემა ოდნავ შეიცვალა: ბაკალავრიატის დროს სწავლების ლექციური ფორმა ჭარბობს, მაგისტრატურაში კი უწინდებურად მეტი მნიშვნელობა ენიჭება სემინარებსა და დისკუსიებს.

განათლების გერმანული მოდელის თავისებურება, პირველ რიგში, განათლების „დუალურ სისტემაში“ გამოიხატება – ანუ სწავლის პარალელურად კოლეჯის სტუდენტი მომავალ პროფესიას უშუალოდ სამუშაო ადგილზე საწარმოო პროცესში ჩართულობით ეუფლება, სახელმწიფო კი დამსაქმებელს პროფესიულ პროგრამაში ჩართული სტუდენტის ხელფასის ნაწილს უნაზღაურებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას ერთდროულად შეუძლია სწავლის გაგრძელება და მუშაობა. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული გამოცდას აბარებს და, შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს იღებს და მას სამუშაოთიც უზრუნველყოფენ.

გერმანიაში „დუალურმა განათლებამ“ ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. ის 346 ძირითად და 46 ახალ პროფესიას მოიცავს, რომელზეც მზარდი მოთხოვნაა. განათლების ამგვარმა მოდელმა განაპირობა ის, რომ გერმანიაში დასაქმებული ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები