ნათია თოდუა: „ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ  ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლია“

ნათია თოდუას გერმანულ „ვოისში“ გამარჯვებამ გასული წლის ბოლოს ყველა ძალიან გაგვახარა. დიდი სიამოვნებით და სიამაყით ვუყურებდით მის არაჩვეულებრივ, ემოციურ, დადებითი ენერგიით დამუხტულ გამოსვლას და გვიხაროდა უცხოეთში ჩვენი თანამემამულის ასეთი წარმატება. nostal.ge დაინტერესდა, რას აკეთებს ახლა ნათია, როგორ ცხოვრობს, რას აპირებს მომავალში – და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ნათიაროგორ ხარრომელ ქალაქში ცხოვრობ ამჟამად და რას საქმიანობ

Hallo, ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ ბრუხზალში (Bruchsal) უსაყვარლესი შმიტ-მხეიძეების ოჯახში, რომელიც, ფაქტობრივად, მეორე ოჯახი გახდა ჩემთვის. ხშირად მიწევს ბერლინში ყოფნაც, სადაც სიმღერებს ვწერ, ვემზადები ალბომის ჩასაწერად, შიგადაშიგ კი კონცერტებიც მაქვს.

წარმოშობით აფხაზეთიდან ხარ, არაგაგვაცანი შენი ოჯახის წევრები, და-ძმა თუ გყავს?

მყავს 18 წლის ძმა – დიმიტრი, 27 წლის და – ნატალი, მშობლები – ლალი ანჯაფარიძე და მერაბ თოდუა. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გერმანული მუსიკალური ტელეპროექტის, The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული გახდი, რითაც ნაცნობებიც და უცნობებიც ძალიან გაგვახარე. როგორ მოხვდი გერმანულ ვოისში“ და თუ  ელოდი ასეთ წარმატებას?

„ვოისის“ პროექტი იდეაშიც კი არ მქონია, როცა გერმანიაში ჩამოვედი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ… თავი ჯერ კიდევ სიზმარში მგონია.

როგორ ფიქრობ, წარმატებამ შეგცვალაროგორია შენი ცხოვრება ახლა

ამ წარმატებამ ნათიას ის დააჯერა, რომ სასწაულები აუცილებლად ხდება, თუ მათ არსებობის უფლებას მივცემთ. მე სულ ვიბრძოდი, რადგან ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ უნდა მემოქმედა, მაგრამ არასდროს არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ეს გამოვიდოდა, რადგან რამდენიმე ცდა ჩემთვის უშედეგო აღმოჩნდა.

ახლა კი სიტყვებით ვერ აღვწერ იმ გრძნობას, რომელიც გასული წლის 17 დეკემბრიდან გაცოცხლდა ჩემში. ვერ აგიხსნით, თითქოს ყველა მიმალული ჭრილობა შეხორცდა და ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ  ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლიათ.

როგორც ჩანსმებრძოლი გოგონა ხარ ბუნებით, რომელმაც კრიტიკის მიუხედავად გზა წარმატებისკენ მაინც გააგრძელა და მიზანსაც მიაღწიაძალიან ხალისიანი და ემოციური ჩანხარროგორ ნათია თოდუას არ იცნობს საზოგადოება?

არ ვიცი, თავად საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ…

როგორია შენი გეგმები ახლო და შორეული მომავლისთვის?

გეგმა ა – მუსიკა!

გეგმა ბ – მუსიკა!

რას ეტყოდი შენს ქართველ თაყვანისმცემლებს?

მადლობა სიყვარულისთვის, ეს გრძნობა ყველაზე ძლიერს ხდის ადამიანს. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს ამ გამარჯვებისთვის.

არ გაჩერდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ეცადეთ, რომ იპოვოთ საკუთარი სამყარო და თავის-უფლება.

ნათია, მადლობა, რომ დრო დაგვითმეწარმატებებს გისურვებთ!

მეც ასევე.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კიდევ ერთხელ მოუსმინეთ ნათიას არაჩვეულებრივ შესრულებას:

კომენტარები
Загрузка...