newsსაბერძნეთი

დღეს ტრაგიკულად დაღუპული ბერძენი სამხედრო პილოტი დაკრძალეს

როგორც ცნობილია, ხუთშაბათს, 12 აპრილს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სკიროსთან – ზღვაში ჩავარდა ბერძული სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი MIRAGE 2000-5, ხოლო პილოტი, გიორგოს ბალტადოროსი ტრაგიკულად დაიღუპა.

ტრაგედიის მიზეზი დღემდე უცნობია. ყველაზე დამაჯერებლად ითვლება ვერსია, რომ პილოტს თავბრუ დაეხვა და ორიენტაცია დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, სამხედრო პილოტებს ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ემართებათ. განსაკუთრებით საშიშია მზიან ამინდში ზღვის თავზე ფრენა. მანევრირების დროს პილოტს შეიძლება ცა და ზღვა, ერთნაირი ლურჯი ფერის გამო, აერიოს და ორიენტაცია დაკარგოს. აღნიშნულ მოვლენას „ვერტიგოს“ უწოდებენ. რამდენადაც თვითმრინავს რაიმე ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია და ძრავაც ბოლო მომენტამდე გამართულად მუშაობდა, ტრაგედიის მიზეზად სწორედ „ვერტიგოს“ მიიჩნევენ.

გიორგოს ბალტადოროსი, საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო

დღეს, 14 აპრილს გიორგოს ბალტადოროსი პატივით დაკრძალეს. საბერძნეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო „იშვილოს“ დაღუპული პილოტის ორი არასრულწლოვანი შვილი. კანონი „შვილად აყვანის“ შესახებ საბერძნეთში 2010 წელს მიიღეს და სახელმწიფო სამსახურის შესრულებისას დაღუპულის არასრულწლოვანი შვილებისთვის ყოველწლიურად გარკვეული თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს. ბავშვები მატერიალურ დახმარებას მანამ მიიღებენ, სანამ სრულწლოვანები გახდებიან. თუკი გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა, ის ყოველწლიურად 10 ათას ევროს მიიღებს სახელმწიფოსგან, ორ შვილს კი 18 ათასი ევრო ჩაერიცხება. ასევე გადაწყდა, რომ გიორგოს ბალტადოროსის მეუღლეს დაენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება სიცოცხლის ბოლომდე.

ცოტა რამ თვითმფრინავის შესახებ: Mirage 2000-5 ფრანგული წარმოების ერთძრავიანი მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც 2530 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 15 კმ სიმაღლეზე შეუძლია ფრენა. თვითმფრინავის ღირებულება 55 მილიონი ევროა.  საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს სულ 15 ასეთი საჰაერო აპარატი აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close