უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებიათ კონსულებს – ნანა ჩაბრავას და თორნიკე ბერეკაშვილს – რაულ ქირია
კიევში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, ექსპერტი, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მკვლევარი რაულ ქირია წერს საქართველოს კონსულებზე კიევსა და ოდესაში, ნანა ჩაბრავასა და თორნიკე ბერეკაშვილზე, რომლებსაც „არცერთი დღე არ დაუტოვებიათ უკრაინა და დღემდე ყველაფერს აკეთებენ, რათა ომის ქარცეცხლში მყოფ არაერთ ქართველს დაეხმარონ მაქსიმალურად“.
ნანა ჩაბრავა აფხაზეთიდან დევნილია და უკრაინის ამბები მისთვის ალბათ კიდევ უფრო მძიმეა ემოციურად.
„სამი კვირაა, უკრაინა შემართებით და გმირულად იცავს საკუთარ სამშობლოს რუსი აგრესორებისგან.
მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა არცერთი დღით არ დაუტოვებია საქართველოს კონსულს კიევში ნანა ჩაბრავას და საქართველოს გენერალურ კონსულს ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილს.
ნანა ჩაბრავა აფხაზეთიდან დევნილია, რუსეთის აგრესიის შედეგები ერთხელ უკვე გამოცადა საკუთარ თავზე 11 წლის ასაკში, როდესაც ტყვიების და ათასი საშინელების ფონზე მოუწია მშობლიური ქალაქის დატოვება.
ომის დაწყებიდან არაერთი საელჩოს წარმომადგენელმა დატოვა უკრაინა, თუმცა არც ნანა ჩაბრავას და არც თორნიკე ბერეკაშვილს ამის სურვილიც არ გამოუთქვამთ, დღემდე ყველაფერს აკეთებენ, რომ ომის ქარცეცხლში მყოფ არაერთ ქართველს დაეხმარონ მაქსიმალურად. ისინი მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, მათი იქ ყოფნა ბევრისთვის არის იმედი და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თანამემამულეების მიტოვებას არც აპირებენ.
როდესაც ეს ომი დასრულდება და დასრულდება რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით, ერთმანეთის მოფერებისა და სიყვარულისთვის მერე უფრო გვექნება დრო, თუმცა ახლაც უნდა ვიცოდეთ ასეთი ადამიანების შესახებ. ამ 21 დღის განმავლობაში გმირობის იმდენი მაგალითი ვნახეთ, თითქოს აღარც გვიკვირს, იქ სხვანაირად რომ არავინ იქცევა.
1920 წელს, როდესაც ოდესაში საბჭოთა არმია შევიდა, არც საქართველოს მაშინდელმა კონსულმა არ დატოვა იქაურობა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის აგრიმანის მფლობელი გახდა და ასე ემსახურებოდა მოქალაქეებს – ასეთი ვიყავით საუკუნის წინაც, ასეთები ვართ ახლაც და ერთმანეთის ზრუნვის „ვალდებულებაზე“ არც არასოდეს ვიტყვით უარს“, – წერს რაულ ქირია.
კომენტარები