მიგრაციამსოფლიოnews

არალეგალ იმიგრანტს, რომელმაც პატარა ბავშვი გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მისცემენ

საფრანგეთს ახალი გმირი ჰყავს – ყველა გამოცემა, ყველა სატელევიზიო არხი ავრცელებს ინფორმაციას არალეგალ ემიგრანტზე მალიდან, 22 წლის მამუდუ გასამაზე, რომელმაც პარიზში 4 წლის ბიჭუნა მე-4 სართულიდან ჩამოვარდნას გადაარჩინა („ფრანგული“ მე-4 სართული ჩვენებური მე-5 სართულია, რადგანაც ფრანგები ათვლას იწყებენ მიწისპირა სართულით, რომელსაც ჰქვია ღედშოსე – rez-de-chaussée).

შემთხვევა შაბათს, საღამოს 8 საათზე მოხდა პარიზის მეთვრამეტე უბნის (arrondissement) ერთ-ერთ ქუჩაზე. მამუდუ გასამას თქმით, იგი საღამოს სავახშმოდ  და ფეხბურთის საყურებლად იყო  გამოსული, როდესაც ხალხის ხმაური და მანქანების სიგნალის ხმა გაიგონა. უცებ დაინახა მე-4 სართულის აივანზე დაკიდებული პატარა ბავშვი. იგი არც დაფიქრებულა, მაშინვე დაიწყო საოცარი სისწრაფით აცოცება შენობაზე, 30 წამში უკვე მე-4 სართულზე იყო და ბიჭუნა გადაარჩინა.

„ჩემს თავზე არ ვფიქრობდი, ბავშვები ძალიან მიყვარს და არ დავუშვებდი, რომ პატარას რამე მოსვლოდა… ბავშვი რომ ასეთ მდგომარეობაში დავინახე, ამან მომცა ძალა… არც კი ვიცი, როგორ შევძელი“, – აღნიშნა ახალგაზრდა ემიგრანტმა „ლე ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მამუდუ გასამას თქმით, ეს ბუნებრივი საქციელი იყო და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა მის რეაქციაში. სატელევიზიო ინტერვიუში კი კითხვაზე, უთხრა თუ არა მას ბავშვმა რამე, მამუდუმ უპასუხა: „როცა ბავშვი ავიყვანე, ვკითხე, რატომ გააკეთა ეს, მაგრამ ხმა არ გაუღია“. პატარა შოკირებული იყო. ის და მისი მშველელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მამუდუს მხოლოდ ფეხზე ჰქონდა განაკაწრი.

ახალგაზრდა მალელის გამოჩენამდე არავის უფიქრია შენობაზე აძვრომა. ადამიანები შეგროვილები იყვნენ აივნის ქვეშ იმ მიზნით, რომ ბავშვი თუ ჩამოვარდებოდა, დაეჭირათ. ვიდეოზე ჩანს, როგორ ცდილობს მეზობელ აივანზე მყოფი კაცი, ბავშვს მისწვდეს, მაგრამ რადგან აივნები გაყოფილია და დასაყრდენი არ აქვს, ვერ ახერხებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ და პატარა აივანზე ჰყავდათ ჩაკეტილი.

გამოძიებას მცირეწლოვანთა დაცვის ბრიგადა აწარმოებს. ბიჭუნას მამა დაკავებულია და სასამართლოს წინაშე წარდგება. პროკურატურის გადაწყვეტილებით, ბავშვი სპეციალურ დაწესებულებაში მოათავსეს.

ტელევიზიით გავრცელდა ბავშვის დედასთან საუბარი, რომელიც ოჯახის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთის კუთვნილ კუნძულ რეუნიონზე (ინდოეთის ოკეანეში) ცხოვრობს; ბიჭუნა და მამამისი კი პარიზში ცხოვრობენ. BFMTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის მთავარმა პროკურორმა ფრანსუა მოლენმა თქვა, რომ მამა საყიდლებზე წავიდა მაღაზიაში და ბავშვი აივანზე დატოვა ჩაკეტილი. მას სახლში დაბრუნება შეაგვიანდა, რადგან მაღაზიის გამოსასვლელში Pokémon Go-ს სათამაშოდ გაჩერდა.

ფაქტს დიდი გამოხმაურებს მოჰყვა თანამდებობის პირებისგან. პარიზის მერმა ან იდალგომ ტელეფონით დაურეკა მამუდუს და უთხრა, რომ მისი საქციელი სამაგალითოა ყველა მოქალაქისთვის და რომ პარიზის მერია და საფრანგეთის სახელმწიფო მას საშუალებას მისცემს, ამ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვროს. ორშაბათ დილით ახალგაზრდა ემიგრანტს ელისეს სასახლეში თავად პრეზიდენტი მაკრონი შეხვდა და ესაუბრა. მადლობა, სიგელი და მედალი მამაცობისთვის, საფრანგეთის მოქალაქეობა და გმირის წოდება – ეს ყველაფერი ერთად ერგო 22 წლის მალელ მამუდუ გასამას, რომელიც საფრანგეთში 2017 წელს ჩავიდა არალეგალურად ხმელთაშუა ზღვით და იტალიის გავლით და ამ დრომდე არალეგალურად ცხოვრობდა. მამუდუ გასამას საქციელმა რასიზმს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა.

ამ საოცარ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს, მღელვარების გარეშე ვერ უყურებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close