ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ნინო ტაბატაძე: „კოლუმბიის უნივერსიტეტის გაზეთში დაწერეს ჩემზე, როგორც მსოფლიოს საოცრებაზე“

„ამერიკული ოცნება ძალიან ძნელი ასასრულებელია, თუმცა კარგი ისაა, რომ ეს შესაძლებელია. მთავარია მოთმინება, სულის სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა. ეს ქვეყანა, პირველ რიგში, იმიტომ მიყვარს, რომ შრომა, განათლება, მონდომება, ნიჭი – ყველაფერი ფასდება, ამიტომ ბრძოლა ნამდვილად ღირს“, – ამბობს ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა იურისტი ნინო ტაბატაძე.

ნინო, რომელ ქალაქში ხართ და რამდენი ხანია?

ნიუ-იორკში ვარ უკვე 9 წელია, საიუბილეო 10 წელს ვიზეიმებ მომავალ ზაფხულს. 🙂

როგორ გაიხსენებდით უცხოეთში თქვენი ცხოვრების პირველ თვეებს, რამდენად რთული იყო?

ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩამოსვლა, მით უფრო, გრანტით, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და, რა თქმა უნდა, თავიდან არავითარ სირთულეზე არ მიფიქრია, მაგრამ მერე დაიწყო სწავლა და ჩემი ვარდისფერი სამყარო უცებ ძალიან შავი გახდა. ისეთი დატვირთვა და ისეთ კონკურენცია იყო, რომ ვერც წარმომედგინა. ღამეები საერთოდ არ მეძინა, სულ ვმეცადინეობდი. რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, ყველაფერს მივატოვებ და სახლში წავალ-მეთქი, მაგრამ რადგან დაფინანსებული სტუდენტი ვიყავი, ჩემი თავი მთლად მე არ „მეყუდნოდა“, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა მებრძოლა. მერე, მოგეხსენებათ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და, მეც შევეჩვიე, აღარც იმდენი სტრესი მქონდა და არც კონკურენცია აღმოჩნდა დაუძლეველი სირთულე.

რა პროფესიის ხართ?

იურისტი ვარ, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრეთვე, ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ბაკალავრიატი და „ჯიპას“ სახელმწიფო მართვის მაგისტრატურა. ნიუ-იორკში კი კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი მივიღე.

პროფესიით თუ გიმუშავიათ?

სულ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სტუდენტობის შემდეგ, ვიდრე ამერიკაში წამოვიდოდი, 6 წელი საჯარო მოხელე ვიყავი, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა მეკავა. აქაც ვიმუშავე საჯარო სამსახურში, კერძოდ, ნიუ-იორკის მერიის პროექტში, შემდეგ იურიდიულ ფირმაში; ახლაც საბანკო სექტორში იურიდიულ დეპარტამენტში ვმუშაობ.

კერძოდ?

ჩინეთის ბანკის ნიუ-იორკის ფილიალში ვიცე-პრეზიდენტი ვარ და კორესპონდენტული საბანკო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

როგორია ნინო ტაბატაძის ერთი ჩვეულებრივი დილა?

ჩემი დილა იწყება ძალიან ადრე, 6 საათზე. უფრო სწორად, 6-ზე მაღვიძარა რეკავს, მე ვცდილობ, 7-ის ნახევრამდე გავცოცხლდე როგორმე. ჯერ მე ვიწესრიგებ თავს, მერე ჩემს 7 წლის მარის ვამზადებ სკოლისთვის. ცხადია, ორ გოგოს მომზადებისთვის ბევრი დრო გვჭირდება, შესაბამისად, სულ გვეჩქარება და გიჟებივით გავრბივართ სახლიდან ყოველ დილას. უდროობას ეწირება ჩემი ყავის რიტუალი სახლში. სკოლაში მეტროთი მივდივართ. ჩემი და მეტროს ურთიერთობა ყველამ იცის: არავის არსად ისე არ ელიან, როგორც მე ველი ბაქანზე მატარებლის გამოჩენას. ლიანდაგებში რომ არ ვვარდები ყოველდღე, ზეციურ სასწაულს მივაწერ. რადგანაც სკოლა ჩემს სამსახურზე ერთი საათით ადრე იწყება და თან ეს ორი დაწესებულება ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, მარის რომ მივიყვან, მერე მაქვს შუალედი ნეტარებისა, 🙂 როცა არსად მეჩქარება, შემიძლია გავისეირნო თაიმს სკვერზე და თან აღვიქვა, სად ვარ, რადგანაც ტურისტებს ჯერ არ გაუღვიძიათ; ჩამოვჯდე სკამზე, წყნარად მივირთვა „სტარბაქსის“ ლატე, ისე რომ სიჩქარეში პირი არ დავიწვა, და გადავათვალიერო „ნიუ-იორკ თაიმსი“. მიყვარს თაიმს სკვერი, სამყაროს ცენტრი მგონია. თბილისში იმდენი ხალხი რომ გამოვიდა გარეთ, რამდენიც აქ დადის ყოველდღე, რევოლუცია მოხდა და ხელისუფლება შეიცვალა. 🙂

ოფისში ასვლისთანავე იწყება თავდავიწყება – შეხვედრები, სატელეფონო კონფერენციები, შუალედებში იმეილები… ლანჩზე გასვლა თბილისში დარეკვას ნიშნავს – ესაა მოკითხვებისა და თბილისური ჭორების გაცნობის ტკბილი და საამური დრო. სამუშაო დღე 5-ზე მთავრდება, თუმცა 1-2 საათით გვიან გამოვდივარ. საქმის გაწყვეტა შუაში არ მიყვარს და ამიტომ სანამ არ დავამთავრებ, არ ვტოვებ ოფისს. ისე, აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით აქ დიდად არ უყვართ, როცა თანამშრომელი გვიანობამდე მუშაობს, ამას უფრო სისუსტეში უთვლიან, ანუ მიაჩნიათ, რომ სამუშაო დროში ვერ ჩაეტია, ამიტომ გვიანობამდე არც არავინ რჩება. სახლში მოვდივარ ისეთი დაღლილი, რომ ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ როგორც კი კარი იღება და ორი პატარა გოგო ჩემთან ჩასახუტებლად მოიჩქარის, რა თქმა უნდა, დაღლა მავიწყდება და მერე უკვე ჩვეულებრივი დედა, ცოლი და დიასახლისი ვხდები.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო ნიუ-იორკში, ამ „საგიჟეთში“, ფუფუნებაა, მაგრამ თუკი მაქვს ეს ფუფუნება, ის ბავშვებს ეკუთნვით. ვგრძნობ, რომ მათ საკმარის დროს ვერ ვუთმობ, განსაკუთრებით უფროსზე ვნერვიულობ, რომელიც უკვე 7 წლისაა და დედასთან ლაპარაკი და მეგობრობა უნდა, დედას კი სულ არ სცალია, ან სახლში არაა და ან ძალიან დაღლილია. ვაცნობიერებ იმასაც, რომ მოვა დრო და ჩემთან დროის გატარებას მეგობრებთან გართობას ამჯობინებს, ამიტომ მინდა, სანამ ჯერ ჩემი დროა, შევირგო და დავტკბე მასთან ურთიერთობით. ამიტომ დავდივართ მუზეუმებში, კინოში, თეატრში, ბროდვეი შოუებზე, ვუყვები ათას საინტერესო რამეს, რომ ეს სიარული მხოლოდ კალორიების დაწვაში არ აისახოს და შემეცნებითი ღირებულებაც ჰქონდეს.

თქვენი მეუღლე ვინ არის?

ჩემი მეუღლე მალხაზ მანგოშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. ისიც საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობს და საერთაშორისო საფონდო ბირჟების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს. კლასელები ვართ, თბილისში ერთად ვსწავლობდით დაწყებით კლასებში. მახსოვს, სკოლაში ძალიან მიყვარდა, აი, სადღაც 6-7 წლის რომ ვიყავი, ვოცნებობდი, ცოლად მოვეყვანე, 🙂 თუმცა მისი ოჯახი ადრე გადმოვიდა ამერიკაში საცხოვრებლად და ბავშვობის შემდეგ აღარ მინახავს.

მერე, როცა მეც ნიუ-იორკში ჩამოვედი, აქ შევხვდით და, შეიძლება ითქვას, ჩემს ემიგრანტობაში „მთავარი დამნაშავე“ სწორედ ისაა. გვყავს ორი გოგონა – ზემოთ მოხსენიებული 7 წლის მარიამი და 2 წლის ანი. მარიამი რომ შეგვეძინა, ერთ კვირაში უნივერსიტეტი დავამთავრე. ხომ ხვდებით, რა „სიგიჟესთან“ გვაქვს საქმე – კოლუმბიის უნივერსიტეტში ორსული სტუდენტი საერთოდ არ უნახავთ, მგონი; უნივერსიტეტის გაზეთში დაწერეს ჩემზე, როგორც მსოფლიოს საოცრებაზე. 🙂 პროფესორები მეხუმრებოდნენ, სწავლის გადასახადი ორმაგად უნდა გადაიხადო, დედა-შვილი ერთად იღებთ განათლებასო… მარიმ დაბადებამდე ისწავლა უნივერსიტეტში და დაიბადა ძალიან ჭკვიანი და გონიერი. როცა გაიზრდება, უნდა, რომ მეცნიერი გამოვიდეს და კიბოს წამალი გამოიგონოს; თანაბრად კარგად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს. რაც შეეხება ანის – სულ მღერის და შუალედებში აპლოდისმენტებს მოითხოვს. თუ აუდიტორია არ ჰყავს, თვითონ უკრავს თავის თავს ტაშს. სანამ ლაპარაკს ისწავლიდა, მხოლოდ მელოდიას ღიღინებდა, ახლა სიტყვებიც შემატა. აბსოლუტური სმენა აქვს. სახლში ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ ანიმ, ტელევიზორის და კომპიუტერის გავლენით ალბათ, ინგლისურად აიდგა ენა, თუმცა ქართულიც ესმის; იმედია, ზაფხულში საქართველოში რომ წავალთ, ქართულადაც ალაპარაკდება.

რაიმე კურიოზულ ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?

ერთ დილას, უთენია, მარი მიმყავს სკოლაში. თაიმს სკვერის მეტროს გაჩერებაზე, მატარებლის მოლოდინში ისეთი მოუთმენელობა შემეყარა, რომ ბაქანზე თითქმის აღარ ვდგავარ, ისე ვიხრები… მინდა, როგორღაც გვირაბიდან იმედის შუქი დავინახო, თან პირველმა უნდა დავინახო (არ დაგავიწყდეთ, არსად მეჩქარება, ახალი გათენებულია და სკოლაში ჯერ მასწავლებელიც არ იქნება მისული. ჩემი ბანკი ხომ კიდევ 2 საათი მაინც არ გაიღება) – 9 წელი ნიუ-იორკში ცხოვრებამ თავისი ქნა და სულ მეჩქარება, არ ვიცი, სად…

მოკლედ, მე ლამის ლიანდაგებში ვარ ჩავარდნილი მატარებლის მოლოდინში და დე-ფაქტო ჩავარდნისგან ალბათ ბებიაჩემის ლოცვა თუ მიცავს საიქიოდან. მარი ხელზე მექაჩება და შეშინებული ყვირის, უკან დაიხიეო, მე კი ამ დროს მექანიკურად ტვინში მიტრიალებს „ანა კარენინადან“ დაწყებული, ყველა ფატალური ვარდნა ლიანდაგებში… როგორც იქნა, გამოჩნდა, ჯერ მხოლოდ შუქი, მაგრამ ხომ მოდის! ახლა მთავარია კართან მოვხვდე, პირველი უნდა შევვარდე ვაგონში და ჩემთვის და მარისთვის ადგილი მოვნახო – ჰო, მართლა, სკოლამდე სულ ერთი გაჩერებაა. როგორც იქნა, მატარებელი გაჩერდა, კარამდე სამი ნაბიჯია და ის იყო ენერგიულად გავემართე, რომ უცებ ვიღაც ტიპი, რომლის ნაბიჯებიც გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩემი, საიდანღაც აღმოცენდა და პირდაპირ ჩემსა და კარს შორის აისვეტა. ისე ამეშალა ნერვები, თითქოს გრანპრი დამაკარგვინეს და მარის საკმაოდ ხმამაღლა გადავულაპარაკე, ეს საიდან ჩამეჩხირა, რა „ნაგლია“-მეთქი. მარიმ, მგონი, ვერ გაიგო, მაგრამ ეს ტიპი გაჩერდა, კარს მოსცილდა, ჩემკენ მოტრიალდა და ღიმილით მეუბნება ქართულად: „მიბრძანდით, გეთაყვა“. ვაიმე, ისე შემრცხვა, გავუღიმე, უი, ქართველი ხარ და რამე, მაგრამ ეტყობოდა, რომ ჩემი რეპლიკით ძალიან ნაწყენი იყო და ცივად მოგვშორდა მეც და ვაგონსაც.

საქართველოში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ?

საქართველოში აუცილებლად დავბრუნდებით. არ ველოდებით, როდის გაბრწყინდება ის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე; არც, უკაცრავად გამოთქმისთვის და, დასამარხად ვაპირებთ იქ წასვლას. დავბრუნდებით მანამ, სანამ ბავშვები ჯერ პატარები არიან და ამერიკიდან გადასახლება მათთვის ემიგრაციაში წასვლა არ იქნება. ამ ნაბიჯისთვის სერიოზულად ვემზადებით და იმედია, მალე დადგება ეს დღე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმა ახლა მოახლოებული შვებულება და თბილისში წასვლაა. ამ ერთი თვისთვის ვწვალობ მთელი წელი, ამ ერთ თვეზე ვოცნებობ, ამ ერთ თვეს შევხარი. რა თქმა უნდა, მაქვს უფრო სერიოზული გეგმები, მაგრამ ამაზე საჯარო საუბარი არ მიყვარს.

რას ერტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ამერიკული ოცნება ძალიან ძნელი ასასრულებელია, თუმცა კარგი ისაა, რომ ეს შესაძლებელია. მთავარია მოთმინება, სულის სიმტკიცე და საკუთარი თავის რწმენა. ეს ქვეყანა, პირველ რიგში, იმიტომ მიყვარს, რომ შრომა, განათლება, მონდომება, ნიჭი – ყველაფერი ფასდება, ამიტომ ბრძოლა ნამდვილად ღირს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close