ვიდეოარტისტიიტალია

გარდაიცვალა მონიკა ვიტი – „იტალიური კინოს დედოფალი“ (ვიდეო)

ალცჰაიმერის დაავადების გამო მსახიობი თითქმის 20 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა

იტალიური კინოს ლეგენდა, ნეორეალიზმის ვარსკვლავი, მსახიობი მონიკა ვიტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა რომში. ინფორმაცია მისმა მეუღლემ რობერტო რუსომ გაავრცელა ტვიტერზე ვალტერ ველტრონის მეშვეობით.

მსახიობს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, რის გამო თითქმის 20 წელი საჯაროდ არ გამოჩენილა. ბოლოს იგი 19 წლის წინ ნახა პუბლიკამ „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ პრემიერაზე.

როგორც „ანსა“ წერს, მონიკა ვიტის მეუღლე რობერტო რუსო მსახიობს მკაცრად იცავდა ჭორებისაგან და შეუპოვრად იბრძოდა ცრუ ინფორმაციების წინააღმდეგ, რომლებიც დროდადრო ჩნდებოდა სოციალურ ქსელებში.

მონიკა ვიტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა თუ ცნობილმა ადამიანებმა. დრაგის თქმით, მონიკა ვიტის წყალობით „იტალიური კინო მთელ მსოფლიოში კაშკაშებდა“… კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ კი მას „იტალიური კინოს დედოფალი“ უწოდა: „მშვიდობით მონიკა ვიტი, მშვიდობით, იტალიური კინოს დედოფალო! დღეს ძალიან ნაღვლიანი დღეა – დიდი არტისტი და დიდი იტალიელი დავკარგეთ“, – ასე გამოეხმაურა ფრანჩესკინი მსახიობის გარდაცვალებას.

„ძალიან ვწუხვარ, ძალიან ვდარდობ, ვიტი დიდ მსახიობი იყო… ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინათ ვნახე – მასტროიანის დაკრძალვაზე“, – ეს კი ლეგენდარული სოფი ლორენის სიტყვებია.

მონიკა ვიტი, რომლის ნამდვილი გვარი და სახელია მარია ლუიზა ჩეჩარელი, რომში დაიბადა 1931 წლის 3 ნოემბერს, თუმცა მამის სამსახურის გამო ომამდე სიცილიაზე გაიზარდა.

მონიკა ვიტიმ 1953 წელს დრამატული ხელოვნების აკადემია დაამთავრა და თეატრში დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში აიღო მან სცენური ფსევდონიმი – მონიკა ვიტი.

მონიკა ვიტის დებიუტი კინოში 1954 წელს შედგა ედოარდო ანტონის კომედიურ ფილმში Ridere! Ridere! Ridere!  („სიცილი, სიცილი, სიცილი!“). 1955 წელს მან გვიდო სალვინის „ადრიანა ლეკუვრერში“ შეასრულა პატარა როლი.  მსახიობს განსაკუთრებული წარმატება მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობამ მოუტანა – მან ითამაშა ანტონიონის ტრილოგიაში „თავგადასავალი“, „ღამე“, „დაბნელება“, ასევე, „წითელ უდაბნოში“ (1964).

მონიკა ვიტის 55 კინოროლი აქვს შესრულებული ანტონიონის გარდა როჟე ვადიმის, ჟაკ ბარატიეს, ალბერტო სორდის, კარლო დი პალმას, ლუის ბუნუელის, დინო რიზის, ეტორე სკოლას,  ლუიჯი მანის, ტინტო ბრასის, მარიო მონიჩელის ფილმებში.

მონიკა ვიტიმ 1990 წელს კინოკარიერა დაასრულა და თეატრს დაუბრუნდა.

რაც შეეხება ჯილდოებს: იგი არის იტალიური კინემატოგრაფის მთავარი ჯილდოს – „დავიდ დი დონატელოს” ხუთგზის მფლობელი, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვისა და ოთხი იტალიური ოქროს გლობუსის მფლობელი; 1995 წელს ვენეციის ფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა კარიერული მიღწევებისთვის.

ნუცა ყაველაშვილი

მონიკა ვიტი მიქელანჯელო ანტონიონის „წითელ უდაბნოში“ (1964)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close