თოვლისგან „დაპაუზებული“ საბერძნეთი: როგორ იმუშავებს სხვადასხვა დაწესებულება ხუთშაბათს და პარასკევს
ოთხშაბათს, 26 იანვარს დღისით მთავრობის წარმომადგენელმა იანის იკონომუმ განაცხადა იმ ზომების შესახებ, რომლებიც იმოქმედებს მთელ ატიკაში და კრეტაზე ციკლონ „ელპისის“ მიერ შექმნილი პრობლემების გამო. კერძოდ, ყველა დონის სკოლები, მათ შორის, კერძო და სახელმწიფო, სასამართლოები, ვაქცინაციის ცენტრები და სახელმწიფო დაწესებულებები არ იმუშავებენ ხუთშაბათს (27 იანვარი) და პარასკევს (28 იანვარი).
ატიკაში (მათ შორის, ათენში) და კრეტაზე მოქმედი წესები:
- რეგიონებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ სკოლები დისტანციურად იმუშავებენ (ცხადია, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სახლში უკვე აღუდგათ ელექტროენერგიის მიწოდება და ინტერნეტი).
- 27 და 28 იანვარს დაკეტილი იქნება საბავშვო ბაგა-ბაღები, ბავშვთა შემოქმედებითი ცენტრები, შშმ პირთა ცენტრები და საბავშვო ბაღები.
- 27 იანვარს დაბეჯითებითი რეკომენდაციაა კერძო სექტორში შეძლებისდაგვარად დისტანციურად იმუშაონ, ამავე დროს, სახელმწიფო მოსამსახურეებიც დისტანციურად იმუშავებენ სამსახურების მოთხოვნების შესაბამისად და ხელმისაწვდომობის ნებისმიერი პრობლემიდან გამომდინარე.
- 27 და 28 იანვარს არ იმუშავებენ სასამართლოები.
- 27 იანვარს მაღაზიები ღია იქნება 10-იდან 18 საათამდე.
- 27 იანვარს არ იმუშავებენ სახლში მიტანის და საკურიერო სამსახურები.
- 27 იანვარს არ ჩატარდება ბავშვთა დაგეგმილი აცრები ვაქცინაციის მეგაცენტრ „პერომეთესა“ და საბავშვო საავადმყოფო „პენტელისში“. დანარჩენი აცრები, როგორც ბავშვების, ისე უფროსების, ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება. მათ, ვინც დაგეგმილ დროს არ მივიდა აცრაზე, ნებისმიერ შემთხვევაში გაუგზავნიან სმს შეტყობინებას ვიზიტის სხვა დროს დასანიშნავად.
კერძო და საჯარო სექტორების მუშაკები 27 იანვარს დისტანციურად იმუშავებენ, რადგან გამოსასვლელი დღეების რეჟიმი ზედიზედ მესამე დღეს არ გაგრძელდება – მოგეხსენებათ, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში დაწესებულებების მუშაობა სამშაბათს და ოთხშაბათს უამინდობის გამო შეჩერდა.
კერძოდ, სახელმწიფო მოსამსახურეები დისტანციურად იმუშავებენ;
საჯარო სექტორს კი ხელისუფლება დაბეჯითებით რეკომენდაციას უწევს, თანამშრომლები შეძლებისდაგვარად დისტანციურად ამუშაონ.
პრინციპში, ეს არის მოდელი, რომელიც თავიდან სამშაბათისთვის (25 იანვარი) მიიღეს, თუმცა თოვლის საფრის ინტენსივობამ და მისი დნობის ნელმა ტემპმა გეგმები შეცვალა და ხელისუფლება იძულებული გახდა, შეაჩეროს მუშაობა ციკლონ „ელპიდასგან“ („ელპისი“ – ქართ. „იმედი“) დაზარალებულ რაიონებში.
თოვლს ელოდებიან შაბათსაც (500-600 მეტრზე მაღლა), თუმცა მეტეოროლოგების თქმით, ეს თოვლი ამჯერად პრობლემებს არ შექმნის; დაბლობ ადგილებში კი მოსალოდნელია წვიმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძლიერი თოვის გამო 25 იანვარს ვინც ატიკის ავტობანზე გაიჭედა (ბევრ მძღოლს 24 საათის განმავლობაში მოუხდა ლოდინი, სანამ თოვლის „ხაფანგს“ თავს დააღწევდა, ზოგიერთი ამბობს, რომ თოვლს ადნობდა, რათა წყალი დაელია), 2000 ევროს აძლევენ კომპენსაციას, ხოლო ათენიდან თესალონიკში მიმავალი მატარებლის მგზავრებს კი, რომლებსაც აგრეთვე პრობლემა შეექმნათ, 1000 ევროს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები