კონტაქტში მყოფ პირთა და ინფიცირებულთა კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადები შემცირდება – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინისა და იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით მომზადებული აქვთ პროტოკოლი, რომელსაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განიხილავენ. პროტოკოლის თანახმად, კარანტინის და იზოლაციის ვადები შემცირდება როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის.
„გიდასტურებთ, საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციის ვადები მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის უკვე შეამცირა იტალიამ. დეკემბრის ბოლოს იტალიაში მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, უკვე მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც, თვითიზოლაცია აღარ სჭირდებათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებმაც გაიკეთეს ბუსტერული აცრა, ან ორჯერადად არიან აცრილები, ან კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელდნენ ბოლო 120 დღის განმავლობაში.
ასეთმა ადამიანებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ Ffp2 ტიპის დამცავი ნიღაბი (ეკვივალენტურია KN95 ან N95 ტიპის ნიღბისა სხვა რეგიონებში) და მხოლოდ მაშინ, თუ სიმპტომები გამოუვლინდებათ, გაიკეთონ ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 5 დღის განმავლობაში.
ასეთი გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ მიიღო ჯანდაცვის სპეციალისტების მოწოდების საპასუხოდ, გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის იმ საშიშროების ფონზე, რომ ძალზე გადამდები ვარიანტის – ომიკრონის გავრცელებას შეუძლია ქვეყნის პარალიზება, თუ მილიონობით ადამიანი თვითიზოლაციაში გადავა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები