უცხოეთში ვაქცინირებულ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დანართ GEORGIA e-HEALTH-ის გამოყენება შეეძლებათ
უცხოეთში ვაქცინირებულ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს Georgia e-Health აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„2021 წლის პირველი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები.
იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტის“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები COVIDPASS.MOH.GOV.GE და Georgia e-health.
ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებულები არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერდოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.
ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს), მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia e-Health აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები,რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia e-Health აპლიკაციაში.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29; შპს Exspress Medical Service – თბილისი, ზღვის პლაზა ჰუალინგი; შპს ვივამედი“ – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234; შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი; შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კომენტარები