საბერძნეთში შესვლის ახალი პირობები 19 დეკემბრიდან
საბერძნეთში შესვლის პირობები იცვლება: ახალი წესები კვირიდან, 19 დეკემბრის დილის 6 საათიდან შედის ძალაში და 10 იანვრამდე იმოქმედებს. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა „სამთავრობო მაცნეში“ 17 დეკემბერს და კორონავირუსის ახალი ვარიანტის – „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირდება.
ახალი წესების თანახმად, ქვეყანაში შესასვლელად ნებისმიერ მგზავრს, განურჩევლად იმისა, რომელი ქვეყნიდან ჩადის, დასჭირდება საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში (თავდაპირველად 48-საათიანზე იყო საუბარი, თუმცა ეს პირობა შეიცვალა) გაკეთებული PCR-ტესტის ან არაუგვიანეს 24 საათით ადრე გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ტესტი უნდა გაიკეთოს ყველამ, მათ შორის, ვაქცინირებულმა მოქალაქეებმაც, რომლებიც საბერძნეთში ნებისმიერი გზით – საჰაერო თუ საავტომობილო ტრანსპორტით შედიან. გამონაკლისს წარმოადგენენ ის მოქალაქეები, რომლებმაც საბერძნეთის საზღვრებს გარეთ 48 საათზე ნაკლები დაყვეს.
საბერძნეთში ჩასული მგზავრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდება, 10-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის სახლში ან კომპეტენტური ორგანოების მიერ მითითებულ შესაბამის დროებით საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მათ, ვინც ბოლო 14 დღეზე ადრეა აცრილი და კორონავირუსი დაუდასტურდება, 7-დღიანი კარანტინის ვალდებულება ექნება 10-ის ნაცვლად.
„ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით დროებით იზღუდება საზღვაო მიმოსვლა თურქეთთან, აგრეთვე შეზღუდულია მგზავრთა რაოდენობა იმ სამგზავრო გემებში, რომლებიც საბერძნეთი-იტალიის და საბერძნეთი-ალბანეთის მარშრუტებზე დაცურავენ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები