პოლიტიკასაბერძნეთი

ჯარიმა აცრაზე უარის გამო – საბერძნეთში 60 წელს მიღწეული პირებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო ხდება (ვიდეო)

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განაცხადებით, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდება. ამის შესახებ მიცოტაკისმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მან, პრაქტიკულად, 16 იანვრამდე მისცა ვადა 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ მოქალაქეებს, რომ პირველ აცრაზე დარეგისტრირდნენ. ვინც აცრაზე უარს იტყვის, ადმინისტრაციული წესით 100 ევროთი დაჯარიმდება ყოველთვიურად AAΔΕ-ს მიერ (Ανεξάρτητη Αρχή Δημοσίων Εσόδων – სახელმწიფო შემოსავლების დამოუკიდებელი სამსახური) მანამ, სანამ აცრას არ გაიკეთებს. 

საბერძნეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს რთული გადაწყვეტილება მთავრობამ, პირველ რიგში, იმ ნახევარ მილიონზე მეტი ხანდაზმული მოქალაქის სიცოცხლის დასაცავად მიიღო, რომლებსაც აცრა არ ჩაუტარებიათ.

ოფიციალური სტატისტიკით, ამ დროისთვის სრულად აცრილია საბერძნეთის მთელი მოსახლეობის (10.72 მლნ) 63%. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 60 წელს გადაცილებულ 520 ათასზე მეტ ადამიანს ამ დრომდე არ მიუღია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არცერთი დოზა.

გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ ჩატარდება ყველა აცრილი თუ აუცრელი ადამიანის უფასო თვითტესტირება. ეს უსაფრთხოების დამატებითი ზომა შობასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რათა უსიმპტომო ინფიცირებულები გამოვლინდნენ. 6-12 დეკემბერს საბერძნეთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ self-test-ები და ტესტირება ჩაიტარონ.

იგივე განმეორდება 3-იდან 7 იანვრამდე, რათა სადღესასწაულო დღეებში  პანდემიის გავრცელება კონტროლირებადი იყოს.

ამასთან, მიცოტაკისმა მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან სანიტარიული პროტოკოლი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები, როდესაც დღესასწაულებზე ერთად შეიკრიბებიან.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის – ომიკრონის გამოჩენამ სერიოზულად შეაშფოთა მთელი მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება. შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეების წინ ახალი ანტიკორონავირუსული ზომების მიზანი საზოგადოებისა და ეკონომიკის დაცვაა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close