მსოფლიოკრიმინალი

მოზარდი, რომელმაც 2020 წელს საპროტესტო აქციის 2 მონაწილე მოკლა, უდანაშაულოდ ცნეს

18 წლის კაილ რიტენჰაუსი, რომელსაც ბრალად ედებოდა აშშ-ში გასულ წელს, საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანის მკვლელობა და ერთი ადამიანის დაჭრა, ვისკონსინის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოზარდს მოუხსნეს ყველა ბრალდება მას შემდეგ, რაც ნაფიცი მსაჯულები 4 დღისა და 25 საათის განხილვის შემდეგ სასამართლოს დარბაზში დაბრუნდნენ. სხდომას ესწრებოდნენ რიტენჰაუსის მიერ მოკლული მომიტინგის ახლობლები და ოჯახის წევრები.

ვისკონსინის შტატში გასული წლის აგვისტოში, როდესაც მოძრაობა BLM-ის მიერ ორგანიზებული, ტრამპის საწინააღმდეგო მიტინგები მთელ ქვეყანას მოედო, მომიტინგეები სამართალდამცველების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ და აქციებზე პოლიციელებთან შეიარაღებულ კონფლიქტებსაც არ ერიდებოდნენ.

ვისკონსინში პოლიციელის მიერ შავკანიანი ჯეიკობ ბლეიქის დაჭრის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე კაილ რიტენჰაუსი, რომელიც მაშინ 17 წლის იყო, იარაღით ხელში კენოშაში ჩავიდა, რათა მისი თქმით, მომიტინგეთა დარბევისგან გადაერჩინა ავტოსალონი.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კონფლიქტის დროს მან ესროლა მამაკაცს, რომელიც მას მისდევდა. ამის შემდეგ გაქცეულ მოზარდს მომიტინგეთა ჯგუფი გაეკიდა, რიტენჰაუსი დავარდა, აქციის მონაწილეები კი მას თავს დაესხნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მოზარდს სკეიტბორდი რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შემდეგაც რიტენჰაუსმა მასაც ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ტყვიას ცოცხალი გადაურჩა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ასევე თავს დაესხა მოზარდს. რიტენჰაუსმა მას ხელში ესროლა. მოგვიანებით ეს ადამიანი სასამართლოზე ბრალდების მოწმედ წარდგა, თუმცა დაკითხვის დროს აღიარა, რომ რიტენჰაუსმა მხოლოდ მას შემდეგ ესროლა, რაც თავად დაუმიზნა იარაღი.

მოზარდის სასამართლო პროცესს თვალს მთელი ამერიკა ადევნებდა, ადამიანები უკიდურესად პოლარიზებულნი იყვნენ. ერთი ნაწილი როტენჰაუსს განიხილავდა, როგორც თავდამსხმელს, რომელიც კენოშაში იმ დღეს მსხვერპლს ეძებდა. მეორე ნაწილს კი მიაჩნდა, რომ ის ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა, რომელიც თავდაცვის მიზნით იძულებული იყო, გაესროლა.

ბრალდება მას ცივსისხლიან მკვლელად წარმოაჩენდა, დაცვის მხარე კი – მსხვერპლად, რომელიც კანონდამრღვევებისგან თავს იცავდა.

სასამართლო სხდომების დროს შენობასთან უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. მათი ნაწილი რიტენჰაუსის უმკაცრეს დასჯას მოითხოვდა, მეორე ნაწილი კი მას მხარდაჭერას უცხადებდა. ისინი ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ. რამდენიმე დღის წინ შენობასთან პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.

გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებისას რიტენჰაუსი ატირდა.

ვისკონსინის შტატის გუბერნატორს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში ვნებათაღელვა როტენჰაუსის უდანაშაულოდ ცნობის გამო მოიმატებს, ამიტომ ეროვნული გვარდიის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე კენოშაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ დარჩება.

infopostalioni.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close