პირბადის გაკეთების მოთხოვნის გამო გერმანიაში მომხმარებელმა 20 წლის მოლარე მოკლა – DW
გერმანიაში რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიცია იძიებს 20 წლის მოლარის მკვლელობის ფაქტს ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც კლიენტმა პირბადის გაკეთების მოთხოვნის გამო მოკლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კვირას, 19 სექტემბერს, საღამოს ქალაქ იდარ-ობერშტაინში გერმანიის მოქალაქე 49 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე ლუდის საყიდლად მივიდა. მოლარემ მას უარი უთხრა მომსახურებაზე, რადგან პირბადე არ ეკეთა და საჯარო სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ შეახსენა.
მამაკაცი სახლში წავიდა, აიღო რევოლვერი, დაბრუნდა ბენზინგასამართ სადგურზე, გაიკეთა პირბადე, შევიდა შიგნით, აიღო ლუდი, სალაროსთან მივიდა და პირბადე მოიხსნა. მას შემდეგ, რაც მოლარემ მას ისევ შენიშვნა მისცა პირბადის გამო, მამაკაცმა ამოიღო რევოლვერი და იგი მოკლა. რაინლანდ- პფალცის მთავარი პროკურორის, კაი ფურმანის თქმით, მან გამიზნულად ესროლა თავში ახალგაზრდა კაცს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცი მიიმალა, თუმცა მეორე დღეს ქალის თანხლებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და დანაშაული აღიარა.
პროკურორ კაი ფურმანის თქმით, მამაკაცმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ფსიქოლოგიურად დათრგუნულია, არსებული სიტუაციის გამო კი პასუხისმგებელი მოეჩვენა მოლარე, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს იცავდა.
ამ დროისთვის დანაშაულში ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას მკვლელობის იარაღი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს. პოლიციას მათი წარმომავლობის გარკვევაც მოუწევს, რადგან ეჭვმიტანილს არ ჰქონდა იარაღის კანონიერად ფლობის ნებართვა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები