პოლიტიკაქართველები უცხოეთში

ყველა ემიგრანტი ჩვენი ქვეყნის პოტენციური ელჩია, თუ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ კავშირი, რომელიც უკვე არსებობს – სალომე ზურაბიშვილი

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ემიგრაციის ქვეყანა და რადგანაც გავხდით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ ავითვისოთ ეს რეალობა, როგორ მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა და სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უცხოეთში მყოფი ჩვენი ქართველებისთვის, ვინც, სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს.

„მინდა მივესალმო ყველას, ვინც ესწრება ამ შეხვედრას და მათ, ვინც დღეს დისტანციურად გვიერთდება – ჩვენს დიასპორას, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც აქ არ არიან. დღევანდელ ღონისძიებაში, რომელიც არსებული რეგულაციების გამო მიღებული გადაწყვეტილებით, ძალიან შეზღუდულ ფორმატში იმართება, ისინი მთელი გულითა და სულით მონაწილეობენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს პროგრამა ძალიან დასაფასებელი ინიციატივაა. ეს პროგრამა არის ის, რაც გვაერთიანებს, ერთ-ერთი ფორმა, რითაც ვერთიანდებით და მე ვისურვებდი, რომ კიდევ მეტი ინსტრუმენტი გვქონდეს, რომელიც დაახლოებისა და კავშირის საშუალებას მოგვცემს.

არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ უკვე გავხდით ემიგრაციის ქვეყანა (რაც არ ვიყავით საუკუნეების მანძილზე) და რადგანაც გავხდით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ავითვისოთ ეს რეალობა, როგორ მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი – როგორ გამოვიყენოთ ჩვენი დიასპორა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად საქართველოსთვის შიგნით და გარეთ. ამისთვის უცხოეთში მყოფი ჩვენი ქართველებისთვის, ვინც სამწუხაროდ, სხვადასხვა პირობებში დაკარგა მოქალაქეობა, ახლა არსებობს მოქალაქეობის აღდგენის საშუალება, რაც კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. მე ვთვლი, რომ ჯერ კიდევ რაღაც ფორმის ჭიდილში ვართ. მივმართავ პარლამენტის წარმომადგენელს, რადგან ეს ნაწილობრივ მაინც კანონმდებლობის საკითხია, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაადვილოთ ეს პროცედურა.

უცხოეთში მყოფი ჩვენი ემიგრანტები ჩვენი ერთი, ძალიან ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მინდა ვთქვა, რომ ეს წელი ასევე გამორჩეულია – 100 წელი გავიდა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ე.ი. 100 წელი გავიდა ჩვენი პირველი, ისტორიული, პოლიტიკური ემიგრაციის წასვლის შემდეგ და ზოგმა ქვეყანამ კი ოკუპაციის შემდგომ თვეებში აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ასე რომ, ერთგვარად გვაქვს – ერთი, პოლიტიკური ემიგრაციის დაარსების 100 წელი და ჩვენი აღიარების 100 წელი, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლუქსემბურგში მიმდინარე წელს ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 26 სექტემბერს, სწორედ საფრანგეთში იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც სწორედ ქართული ემიგრაციის 100 წლისთავსა და საფრანგეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნება.

„ასევე, აღინიშნება ჩვენი ერთ-ერთი წარჩინებული სამხედრო პირის, საფრანგეთის უცხო ლეგიონისთვის ნამდვილი სიმბოლოს, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის ხსენების დღე და ასევე მოხდება მისი ბიუსტის გადაცემის ცერემონია. ასევე, ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარე წელს გვექნება აღსანიშნავი ღონისძიებები.

ასე რომ, ჩვენი ემიგრაცია ბევრ ქვეყანაში ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი. პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას მოჰყვა მეორე ტალღა, მეორე მსოფლიო ომის შედეგად და მესამე ტალღა უკვე ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში. ამ სამი ტალღის შედეგად ჩვენს ქვეყანას კულტურის, სამხედრო სფეროს, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით გამორჩეული ადამიანების ძალიან სერიოზული რესურსი გაუჩნდა“,

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „დღევანდელი დაჯილდოება და საგრანტო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა დიასპორის წარმომადგენლებისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად“.

„ახალგაზრდა ელჩები“ ძალიან კარგი წამოწყებაა, რასაც კიდევ ერთხელ მივესალმები, თუმცა ყველა ჩვენი ემიგრანტი, პრაქტიკულად, ჩვენი პოტენციური ელჩია, თუ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავაძლიეროთ, გავაღრმავოთ და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ მათთან ის კავშირი, რომელიც უკვე არსებობს.

ამ კუთხით, დღევანდელი დაჯილდოება, ეს საგრანტო პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ ჩვენ მათ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, ვაჩვენოთ მათი საქმიანობისადმი ჩვენი დაინტერესება.

მათი ეს მრავალფეროვანი საქმიანობა შეიძლება სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაიშალოს. ჩვენ მათ არათუ ვივიწყებთ, გარკვეულწილად ჩვენ მათი იმედით ვართ იმ ქვეყნებში, სადაც არიან.

მინდა ყველა მათგანს მადლობა გამოვუცხადო და წარმატებები ვუსურვო, მათ, ვინც საზღვარგარეთ საქართველოს სახელსა და დროშას მაღლა ატარებს – ძალიან ბევრნი არიან ასეთები!

ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს მათი იმედი და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ნაწილობრივ ონლაინრეჟიმში წარიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელეხიდის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ პროგრამებში გამარჯვებული დიასპორის წარმომადგენლები.

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სულ 22 გამარჯვებული გამოვლინდა, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში – 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში – 22 გამარჯვებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close