მედიცინა

ინგლისში კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის რევოლუციური ტესტის გამოცდა დაიწყო

კიბოს ტესტი GALLERI სიმსივნეს პირველი სიმპტომების გამოჩენამდე აღმოაჩენს, რაც განკურნების შანსს მკვეთრად ზრდის

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა კიბოს 50-ზე მეტი სახეობის ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის სრულმასშტაბიანი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტესტმა, სახელწოდებით Galleri, სისხლის ანალიზის მეშვეობით სიმსივნე პირველი სიმპტომების გამოჩენამდე უნდა გამოავლინოს. კვლევა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 140 ათასი მოხალისე, რომელთა ასაკი 50-იდან 77 წლამდეა.

მათ სისხლის ანალიზს აუღებენ, ერთი და ორი წლის შემდეგ კი სისხლის  განმეორებით კვლევას ჩაუტარებენ. ტესტს მხოლოდ თავიდან აღებული სისხლის ნიმუშების ნახევართან მუშაობისას გამოიყენებენ, მეორე ნახევარი კი ტესტის ეფექტიანობის შესამოწმებელi საკონტროლო ჯგუფი იქნება.

სპეციალისტების თქმით, ამ ტესტს სიმსივნის დიაგნოსტიკაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია, რადგან თუ დაავადება ადრეულ სტადიაზე, პირველი სიმპტომების გამოჩენამდე გამოვლინდება, განკურნების შანსი გაცილებით მაღალი იქნება.

ამჟამად კიბოს დიაგნოსტირება სიმსივნური ქსოვილის ნაწილაკების ბიოქიმიური კვლევის (ბიოფსია) შედეგად ხდება, რასაც სიმპტომების არარსებობისას, ცხადია, არავინ აკეთებს. თანაც ზოგიერთ შემთხვევაში ბიოფსია რთული პროცედურაა, განსაკუთრებით ფილტვის, შარდის ბუშტის და პროსტატის კიბოს არსებობისას.

ახალი მეთოდი სისხლში დნმ-ის სიმსივნური უჯრედების ფრაგმენტების გამოვლენაზეა დაფუძნებული. ის ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა „გრაალმა“ (Grail) შეიმუშავა, რომელიც სპეციალურად კიბოს ადრეული დიაგოსტიკის მეთოდების შემუშავებისთვის დაარსდა 2015 წელს სან ფრანცისკოში (აშშ). ცოტა ხნის წინ კი სტარტაპი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Illumina Inc.-მა შეიძინა 1,7 მლრდ დოლარად.

ტესტის გამოყენება რეკომენდებულია სიმსივნური დაავადების გაზრდილი რისკის მქონე, კერძოდ, 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close