ალ კაპონეს პირადი ნივთები, მათ შორის, წერილები, აუქციონზე გაიყიდება
ცნობილი ჩიკაგოელი განგსტერის, ალ კაპონეს შთამომავლებმა გადაწყვიტეს, მისი კუთვნილი ნივთები აუქციონზე გაყიდონ. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.
ნივთები კაპონეს მამულში, პალმ აილენდზე (ფლორიდა) ინახებოდა 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც მაფიის ბოსის ერთადერთი შვილი – ალბერტ სონი კაპონე გარდაიცვალა. კოლექციაში შევიდა 175 ნივთი და აშშ-ის მშრალი კანონის პერიოდის დოკუმენტური საბუთები, მათ შორის, ალ კაპონეს კუთვნილი პისტოლეტები, პლაკატები, რომლებზეც ის და მისი ოჯახის წევრები არიან გამოსახულნი, მისი წერილები ვაჟიშვილისადმი ალკატრასის ციხიდან (როგორც ცნობილია, ალ კაპონე გადასახადების – 388 ათასი დოლარის გადაუხდელობისთვის გაასამართლეს 1932 წელს და 11-წლიანი ციხე მიუსაჯეს), მედლები, რომლებიც სონი კაპონემ სროლაში შეჯიბრებებისას მიიღო, საათები, სხვადასხვა ნივთი, ბროლი და სხვ.
როგორც მაფიის ბოსის 77 წლის შვილიშვილი, დაიენი განმარტავს, ის და მისი დები შიშობენ, რომ ალ კაპონეს ნივთები შესაძლოა დაიწვას ტყის ხანძრის დროს, რომელიც ახლა კალიფორნიის ჩრდილოეთში მძვინვარებს. მისი თქმით, დიდი შვება იგრძნეს, როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, სამახსოვრო ნივთები სხვა ადგილას გადაეტანათ.
2017 წელს RR Auction-ზე გაიყიდა ალ კაპონეს ბრილიანტის საათი 84 000 აშშ დოლარად, ხოლო მისი მუსიკალური პიესა „იუმორესკა“ – $18,750-ად.
ამჯერად კი აუქციონი 8 ოქტომბერს გაიმართება საკრამენტოში, აუქციონის სახლის Whiterrella-ს ორგანიზებით.
აუქციონზე, სხვა ნივთებთან ერთაად, გაიყიდება ფანქრით დაწერილი წერილი, რომელიც მაფიის ბოსმა ერთადერთ შვილს, ალბერტ (სონი) კაპონეს ალკატრასის ციხიდან გაუგზავნა.
„ის ძალიან მოსიყვარულე, ოჯახისთვის თავდადებული და ხელგაშლილი იყო. მისი წერილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ისეთი მგრძნობიარე და ლამაზია წერილია, მამის მიერ შვილისთვის მიწერილი. ეს არის ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია“, – ამბობს დაიენ კაპონე.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები