საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ივანიშვილი აღარაა, მას ეს სტატუსი 46 წლის მიხეილ ლომთაძემ „ჩამოართვა“
ტრადიციულად, შავ პულოვერში, ჯინსებსა და წითელ ბოტასებში გამოწყობილი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ემოციური და დამაჯერებელი საუბრის მანერის გამო მას სტივ ჯობსს ადარებენ. მედიამ ის „ახალ ჯობსადაც“ კი მონათლა.
Forbes-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე გახდა, რომლის ქონებასაც გამოცემა $5,1 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია.
$300 მილიონით უფრო ნაკლებია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელსაც Forbes-ი $4.8 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 631-ე ადგილს იკავებს.
Forbes-ის მილიარდერების სიას 46 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად შეუერთდა.
Kaspi ფინანსური სერვისების მიმწოდებელი უდიდესი ყაზახური კომპანიაა, რომელმაც ფუქციონირება 2011 წელს დაიწყო, როგორც ონლაინ გადახდებისა და ელექტრონული საფულის სერვისის კომპანიამ. 2017 წელს მას მობილური აპლიკაციითა და ბარათით, ტელეფონის ნომრით გადახდის ფუნქციაც დაემატა.
პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებსა და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ კომპანიის შემოსავლები და აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ყაზახეთის 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი Kaspi-ს მომხმარებელია.
კომანიის IPO 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი იყო. 2021 წლის აპრილში ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით კი მისი ქონება 5.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს.
მიხეილ ლომთაძე ბათუმში დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს, მიღებული აქვს BBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი) მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (საქართველო) 1997 წელს და MBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) ჰარვარდის ბიზნესსკოლაში (Harvard Business School) 2002 წელს.
ის საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა, 2008 წლიდან კი ყაზახურ „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.
ბიზნესმენის მშობლები და ერთადერთი და ბათუმში ცხოვრობენ. მიხეილს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა აქვს თავის ოჯახთან, სამშობლოში კი წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის.
ბათუმში გატარებული ბავშვობის დროს მისი ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ამბობს, რომ ბავშვობაში გადატანილი სირთულეები ცხოვრებაში გამოადგა.
„ისეთი პერიოდიც იყო, როცა ფული არ გვქონდა, დედა ერთ „სნიკერსს” ყიდულობდა, 4 ნაწილად ყოფდა და მე და ჩემს დას 2 დღეზე გვინაწილებდა…“ – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მილიარდერი.
მიხეილ ლომთაძე 14 წელია საზღვარგარეთ მუშაობს და ცხოვრობს, თუმცა კვლავ საქართველოს მოქალაქეა, ქართული პასპორტი აქვს და, როგორც ამბობს, ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთს თავის „მეორე სამშობლოს“ უწოდებს.
2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან „ხალხის მადლიერების“ საპატიო მედალი მიიღო.
„აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ვიცხოვრებ“, – ამბობს ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები