ანომალიური სიცხე საბერძნეთში – როდის იქნება პიკი
ათენის ეროვნული ობსერვატორიის/meteo.gr-ს ბოლო ინფორმაციის თანახმად, საბერძნეთში მაღალი სიცხეები, რომელიც გასული სამშაბათიდან დაიწყო, გამოსასვლელ დღეებშიც შენარჩუნდება. სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზით, ანომალიურად მაღალი ტემპერატურა შესაძლოა 10 დღეს გაგრძელდეს. პიკი მომავალ ორშაბათს – 2 აგვისტოს იქნება, როდესაც ტემპერატურა 45˚C-ს გადააჭარბებს.
პარასკევს ქვეყანაში ბევრ ოლქში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. აბსოლუტური მაქსიმუმი ფიქსირდება მატერიკზე – 42-44°С, იონიის ზღვაში – 41°С, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში – 41-42°С. კიკლადებსა და კრეტის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა ცოტათი დაბალია ჩრდილოეთის ქარების გამო, რომელთა ინტენსივობა 4-6 ბალია ბოფორტის სკალით.
შაბათს, 31 ივლისს მთელ ქვეყანაში მოწმენდილი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიაში მცირე ღრუბლიანობა იქნება.
ანომალიურიად მაღალი ტემპერტურა შენარჩუნდება მთელ ქვეყანაში, მისი მაქსიმალური მაჩვენებლები კი იქნება:
- ცენტრალურ საბერძნეთსა და თესალიაში – 42–44°С;
- ცენტრალურ მაკედონიაში – 41°С-იდან 43°С გრადუსამდე;
- მატერიკის დანარჩენ ნაწილში, იონიის კუნძულებზე, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის, სამხრეთ კრეტისა და დოდეკანესის კუნძულებზე – 40-41°С-ს.
ამავე დროს, მაღალი ტემპერატურა იქნება ღამითაც – არანაკლებ 26-27°С-ისა.
კვირას, პირველ აგვისტოს მთელ ქვეყანაში მოწმენდილი და ცხელი ამინდი იქნება, მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე, მატერიკზე მაქსიმალური მაჩვენებელი იქნება 40-43°С, ზოგან – 44°С, კუნძულებსა და სანაპირო რაიონებში – 2-3 გრადუსით ნაკლები. დღე-ღამის მინიმალური ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალი იქნება, 27–28°С-ზე მეტი, რაც მეტისმეტად შემაწუხებელი იქნება.
ორშაბათს, 2 აგვისტოს მთელ ქვეყანაში ისევ ცხელი და მოწმენდილი ამინდია მოსალოდნელი; მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება ყველგან, თესალიაში კი ზოგან 44°С-ს გადააჭარბებს.
სამშაბათსაც ანალოგიური სიტუაცია იქნება მთელ ქვეყანაში, ტემპერატურა ცოტათი კიდევ აიწევს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში.
საბერძნეთის მოქალაქეები აგრილებას არც ოთხშაბათს, 4 აგვისტოს უნდა ელოდონ.
მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მუშაობისა და მოგზაურობისგან.
ძლიერი, 40°С-იანი სიცხის გამო საბერძნეთის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა – აკროპოლისი დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში რამდენიმე საათით დაიხურება.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ცხელ დღეებში ჯანმრთელობის მხრივ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების გამოუცხადებლობა საჯარო სამსახურში დარღვევად არ ჩაითვლება. ასეთი ცირკულარი გამოუშვა საბერძნეთის შს სამინისტრომ.
მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები; სიმსივნური პაციენტები, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიან; ადამიანები მძიმე ნევროლოგიური დაავადებებით; დიაბეტიანები, თირკმლის უკმარისობით, სისტემური წითელი მგლურათი, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულები, აგრეთვე, ფეხმძიმეები.
ამასთან, ცირკულარში ნათქვამია, რომ ყველაფრის მიუხედავად სახელმწიფო სამსახურებმა და ორგანოებმა უწყვეტად უნდა მიაწოდონ მომსახურებები მოქალაქეებს და იზრუნონ მათი სათანადო ფუნქციონირებისათვის.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები