საფრანგეთი: სანიტარიული საშვების შესახებ კანონპროექტის შერბილებული ვერსია პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა
საკონსტიტუციო საბჭო გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს მიიღებს
საფრანგეთის სენატმა კვირას, 25 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ზომების შესახებ.
დოკუმენტი ითვალისწინებს სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, აგრეთვე, ე.წ. სანიტარიული საშვების მოქმედების „არეალის“ გაფართოებას. საშვები 21 ივლისიდან უკვე მოქმედებს კინოსა და თეატრებში, მუზეუმებში, ფესტივალებზე, ატრაქციონის პარკებში.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც სენატს აკონტროლებენ, კანონპროექტში წინა მოსმენაზე რამდენიმე შემამსუბუქებელი შესწორება შეიტანეს – კერძოდ, სანიტარიული საშვები 30 აგვისტოს ნაცვლად 15 სექტემბრიდან შევიდოდა ძალაში. ქუჩის კაფეების და რესტორნების ტერასებზე, აგრეთვე, სუპერმარკეტებში შესვლა საშვის გარეშე იქნებოდა ნებადართული, თუმცა დახურული ტიპის ბარებსა და რესტორნებში შესვლის მსურველებს სანიტარიული საშვი დასჭირდებოდათ. მიღებულ ვერსიაში კი საშვი საჭიროა ბარებისა და რესტორნების ტერსაზეც.
ასევე, კანონპროექტში ახალი ჩანაწერის მიხედვით, კანონპროექტით განსაზღვრულ შემთხვევებში 12-იდან 18 წლამდე მოზარდებისთვის სანიტარიული საშვი 30 სექტემბრიდან იქნება სავალდებულო. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, 12-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს აცრისთვის მხოლოდ ერთი მშობლის ნებართვა სჭირდებათ, 16 წლიდან კი მოზარდს შეუძლია მშობლებისგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, აიცრება თუ არა.
კანონპრტოექტიდან ამოიღეს დებულება დაქირავებული მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აუცრელობის სემთხვევაში.
კვირიდან ორშაბათის 03:00 საათზე შეთანხმებული კანონპროექტი პარლამენტის ქვედა პალატამ – ეროვნულმა ასამბლეამაც დაამტკიცა 156 ხმით 60-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა).
La loi du pass autoritaire est adoptée. pic.twitter.com/6jqQiNmfOp
— Jean-Luc Mélenchon (@JLMelenchon) July 25, 2021
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო საბჭო გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს მიიღებს.
სანიტარიული საშვი, მთავრობის გეგმის თანამხად, სავალდებულო უნდა გახდეს დასვენებისა და კულტურის ყველა ობიეტზე ღონისძიებების დროს, რომლებზეც 50-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება; კაფეებსა და რესტორნებში (ღია ტერასების გარდა), მატარებლებში, თვითმფრინავებსა და საქალაქთაშორისო ავტობუსებში. სანიტარიული საშვის მოთხოვნა არ ვრცელდება შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.
ამასთან, სავაჭრო ცენტრებში ადგილობრივი მთავრობის – პრეფექტების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მოითხოვენ თუ არა საშვს, თუმცა მათ ტერიტორიაზე არსებულ კაფეებსა და რესტორნებში ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულო იქნება.
აღსანიშნავია, რომ სანიტარიული საშვების სისტემა 15 ნოემბრამდე იქნება ძალაში, ხოლო შემდეგ გაგრძელებისთვის თავიდან დასჭირდება კენჭისყრა პარლამენტში.
სანიტარიულ საშვში შეტანილია მონაცემები ან სრულად ვაქცინაციის, ან ცოტა ხნის ჩატარებული პისიარ-ტესტის უარყოფით პასუხის შესახებ. ამასთან, შემოდგომიდან PCR-ტესტირება, თუ ის ექიმის მიერ არ არის დანიშნული, ფასიანი ხდება. პრეზიდენტმა მაკრონმა განმარტა, რომ აღნიშნულ ზომებს მთავრობა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის იღებს და არა ტესტირებების რაოდენობის ზრდის მიზნით.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ აცრაზე ერთ დღეში თითქმის ერთი მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა. ამავე დროს, გასულ შაბათ-კვირას ქვეყანაში სანიტარიული საშვის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები გაიმართა. შაბათს, 24 ივლისს საპროტესტო აქციები პარიზსა და ლიონში არეულობებში გადაიზარდა. მთლიანობაში მთავრობის განადწყვეტილება 160 000-მდე მოქალაქემ გააპროტესტა მთელი საფრანგეთის მასშტაბით. პარიზში პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. პრეზიდენტმა მაკრონმა მძაფრად გააკრიტიკა საპროტესტო აქციის მონაწილეები და ისინი ცინიზმში, ეგოიზმსა და უპასუხისმგებლო ქცევაში დაადანაშაულა. მან ვაქცინაციას ეპიდემიასთან ბრძოლის ქმედითი საშუალება უწოდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვების თანახმად, ფრანგების უმრავლესობა მთავრობის გადაწყვეტილებებს ემხრობა.
ბოლო დღეებში საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ახალი ზრდა შეინიშნება დელტა შტამის გავრცელების გამო, რაც ხელისუფლებისა და სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. მთავრობა ცდილობს, ახალი ლოქდაუნი და ჩაკეტვები თავიდან აიცილოს და გამოსავლად ვაქცინაციას მიიჩნევს.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ტვიტერში დაპოსტა, რომ იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებსაც ერთი აცრა მაინც აქვთ ჩატარებული, 40 მლნ-ს გადააჭარბა, რაც საფრანგეთის მთელი მოსახლეობის 60%-მდეა.
C’est tous ensemble que nous vaincrons le virus. On continue ! pic.twitter.com/zzrSkAx5M7
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 26, 2021
ხელისუფლება გეგმავს, აგვისტოს ბოლომდე ერთჯერადად აცრილი მოქალაქეების რაოდენობის 50-მილიონიან ნიშნულს მიაღწიოს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები