საუკუნის კონცერტი – ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ 85 წლის იუბილე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სცენაზე სოლო კონცერტით აღნიშნა (ვიდეო)
„ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი“, - ილია მეორე
ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ 85 წლის იუბილე წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სცენაზე სოლო კონცერტით აღნიშნა. მას უკვე უწოდეს საუკუნის კონცერტი.
მომღერალს აკომპანირება პიანისტმა, დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა გაუწია. ორი სიმღერა კი ნანიმ მსოფლიო ვარსკვლავთან, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილთან ერთად შეასრულა.
წინანდლის შემდეგ ბათუმში იგეგმება ორი კონცერტი, დასკვნითი საღამო კი, შემოდგომაზე დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
როგორც მომღერლის მეგობრები ამბობენ, ნანიმ უამრავი მისალოცი ბარათი და გზავნილი მიიღო თაყვანისმცემლებისაგან და ოფიციალური პირებისაგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან. მას ამერიკიდან ორმა სენატორმა მიულოცა. მაგრამ გამორჩეული მაინც უწმინდესის მილოცვაა:
„ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით…
ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი.
დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს. ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი“, – წერია პატრიარქის წერილში.
ლეგენდარული მომღერლის სასცენო მოღვაწეობა 65 წელს ითვლის, მის სახელს უკავშირდება არაერთი საკულტო სიმღერა და ცნობილი მელოდიები ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმებიდან.
nostal.ge უერთდება მილოცვებს და ნანი ბრეგვაძეს დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით დღეგრძელობას უსურვებს!!!
კომენტარები