მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიაში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მლრდ ევროს გადააჭარბოს

გერმანიაში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან და ზარალს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, ზარალმა შესაძლოა, ხუთი მილიარდი ევრო შეადგინოს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე ავრცელებს. კანცლერი ანგელა მერკელი დაზარალებულ რეგიონებში გუშინ მეორედ ჩავიდა და დახმარება აღუთქვა. 

გერმანიის სადაზღვევო კომპანიების წინასწარი შეფასებით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწების ტერიტორიაზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ოთხიდან ხუთ მილიარდამდე ევრო შეადგინოს, რაც სადაზღვევო კომპანიებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

გერმანიის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის, იორგ ასმუსენის თქმით, ზარალმა შესაძლოა, ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბოს, რადგან ჯერ არ არის დათვლილი საქსონიასა და ბავარიაში მიყენებული ზარალის ოდენობა. ეს უფრო მეტია, ვიდრე 2002 წელს მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი (4,65 მლრდ ევრო). ამასთან, წყალდიდობამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც ვერ ხერხდება სხვადასხვა ადგილას ზარალის დათვლაც. მარტო საგზაო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი, წინასწარი შეფასებით, 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

გარდა ამისა, ასმუსენის განცხადებით, რთული იქნება ზარალის ანაზღაურება მოსახლეობისთვის, რადგან ისინი ბუნებრივი კატასტროფებისგან სათანადოდ არ არიან დაზღვეულნი –  უმეტეს ნაწილს უძრავი ქონება, ძირითადად, სეტყვისა და ქარიშხლისგან აქვს დაზღვეული, ხოლო ბუნებრივი კატასტროფისგან დაზღვევა მხოლოდ 46 პროცენტს აქვს გაკეთებული.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ გერმანიაში 164-ს მიაღწია. მათგან 117 ადამიანი რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე დაიღუპა, 47 – ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში. ორივე მიწის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან უგზოუკვლოდ დაკარგულად  ისევ ითვლება 170 ადამიანი. სამაშველო სამუშაოები და ადამიანების ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ადამიანებს, რომელთა სახლები სტიქიამ დაანგრია, ახალ სახლებს ბიუჯეტის ხარჯზე აუშენებენ. მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება. გერმანიის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე (21 ივლისი) უკვე დაამტკიცა სწრაფი დახმარების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე 400 მლნ ევროს შეადგენს (200 მლნ ევრო ფედერალური მთავრობისგან იმ 200 მლნ ევროზე დამატებით, რომელიც დაზარალებული ფედერალური მიწების მთავრობებმა გამოყვეს ადამიანების დასახმარებლად).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close