fbpx
მედიცინა

კვლევის თანახმად, SINOPHARM-ის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანია

შრი-ლანკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში. კვლევაში ჩართულები იყვნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25 პროცენტში წარმოიქმნა, თანაც ბუნებრივი ინფექციის გადატანის მსგავსი მაჩვენებლით.

საერთო ჯამში, Sinopharm-ის ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 1,38-ჯერ არის შემცირებული თავდაპირველ, უჰანის შტამთან შედარებით.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, ნეელიკა მალავიგეს განცხადებით, ეს Sinopharm-ის ვაქცინის ამ სახის პირველი კვლევაა მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ექსპერტებმა იმუნურ სისტემაზე ამ ვაქცინის ყველა შესაძლო ასპექტი შეისწავლეს.

„დასკვნა ის გახლავთ, რომ როდესაც საქმე დელტას და სხვა ვარიანტებს ეხება, Sinopharm-ის ვაქცინა იმავე დონის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რასაც ადამიანები ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ, რაც ძალიან კარგი ამბავია“, – ამბობს პროფესორი.

მისივე განცხადებით, 20-იდან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98 პროცენტს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი – 93 პროცენტს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close