მსოფლიოსაზოგადოება

კანადში რეკორდული სიცხის გამო ზღვის მილიარდამდე ცხოველი ცოცხლად მოიხარშა

რეკორდული სითბური ტალღის შემდეგ კანადაში, ვანკუვერის სიახლოვეს, ერთ-ერთ პლაჟზე ცოცხლად მოხარშული ათასობით მოლუსკი, მიდია, ზღვის ვარსკვლავი და ლოკოკინა გამოირიყა.

ბრიტანეთის კოლუმბიის ბიოლოგი კრის ჰარლი ამ ამბავს მაშინ მიხვდა, როდესაც ვანკუვერის კიტსილანოს პლაჟიდან მომდინარე ცუდი სუნი იგრძნო.

ივნისის ბოლოს ბრიტანეთის კოლუმბიაში სამი დღე ზედიზედ რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. 29 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 49,6 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

უცნობია, როდის დაიხოცნენ მოლუსკები. როგორც ჰარლიმ CBC-ს განუცხადა, სანაპირო ზოლის ცხოველთა უმეტესობას მხოლოდ 30 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის ატანა შეუძლია; თერმულმა ვიზუალიზაციამ კი აჩვენა, რომ 28 ივნისს ვანკუვერის სანაპირო ზოლზე ტემპერატურა დაახლოებით 50 გრადუსს აღწევდა.

ამ ცხოველების დახოცვა დროებით შეცვლის ამ ზონის წყლის ხარისხს, რადგან მოლუსკები და მიდიები ზღვის წყალს ფილტრავენ.

იმის გათვალისწინებით, ზღვის რამდენი არსება დაიხოცა ამ პატარა ზონაში, ჰარლი ვარაუდობს, რომ სელიშის ზღვის სანაპიროს გასწვრივ მილიარდზე მეტი ცხოველი უნდა განადგურებულიყო.

სამწუხაროდ, ამ ზონაში ასეთი შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა. 2019 წელს სითბურმა ტალღამ კალიფორნიის სანაპიროზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მოლუსკი გაჟლიტა.

წყარო: cbc.ca

მიხეილ ჭაბუკაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close