მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთში რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ისევ შემოიღეს

ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდის გამო რამდენიმე რეგიონში კომენდანტის საათი ისევ დააწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცელებს.

კატალონიასა და ვალენსიაში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსაკუთრებით გართულებულია, ხელისუფლებამ ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. წინა კვირაში კატალონიაში ღამის დაწესებულებები დაიკეტა. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ასტურიას რეგიონში კი რესტორნებსა და ბარებს შიდა სივრცეებში მომხმარებლების მიღება აუკრძალეს.

ვალენსიამ მიაღწია კომენდანტის საათის შემოღებას 32 მუნიციპალიტეტში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე, კატალონიას კი ამ ზომის შემოღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

კანარის კუნძულებმა გასულ კვირაში, აგრეთვე, მოითხოვა კომენდანტის საათის დაწესება.

ნავარამაც მიიღო სასამართლოსგან ნებართვა, ღამის კლუბები ღამის პირველ საათზე დაეკეტა.

არაგონში კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა ხელისუფლების მოთხოვნა, 23:00 სთ-ზე დაეკეტა ბარები და რესტორნები, ღამის კლუბები კი – 00:30 სთ-ზე. ადგილობრივმა მთავრობამ უკვე გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 14 დღის ჯამური მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 80%-ით გაიზარდა და 100 000 მოსახლეზე 368 შემთხვევას შეადგენს (მასში არ შედის ბალეარის კუნძულებისა და კატალონიის მონაცემები, რომლებსაც უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ). ახალინფიცირებულთა შორის უმეტესობა 30 წლამდე ასაკისაა – 800 ინფიცირებული 100 000 მოსახლეზე.

ამ დროისთვის ესპანეთის მოსახლეობის 46% (21 მლნ ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია, თუმცა აცრილებიდან მხოლოდ 600 000-ია (დაახლოებით 2,86%) 30 წლამდე ასაკის მოქალაქე.

ორშაბათს, 13 ივლისს  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 33 932 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. მთლიანობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესპანეთში დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 3 971124 შემთხვევა, 81 020 ადამიანი კი ვირუსით გამოწვეულ დაავადებას – Covid-19-ს შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში გერმანიამ მთელი ესპანეთი რისკის ზონად გამოაცხადა ეპიდემილოგიური ვითარების გართულების გამო, იტალიამ ესპანეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის საკარანტინო ზომები გაამკაცრა, ხოლო საფრანგეთის ევროპული საქმეების სახელმწიფო მდივანმა კლემან ბონმა France 2-ზე გამოსვლისას მოქალაქეებს მოუწოდა, არ დაგეგმონ ზაფხულის შვებულების და არდადეგების გატარება ესპანეთში.

ამგვარი ვითარება ესპანეთის ტურიზმის ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს გასული წლის უმძიმესი კრიზისის შემდეგ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close